დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი.
რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს. აქედან მაისის თვის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია – 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.
სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე.
ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.
მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე https://compensation.moh.gov.ge.