“პირდაპირ ვამბობ, რომ ვბრუნდებით შევარდნაძის ეპოქაში და სწორედ ეს არის საგანგაშო. დღისით, მზისით მანქანაში ცხრილავენ ორ ახალგაზრდა მამაკაცს და კაცმა არ იცის, კიდევ გამოძიებული იქნება თუ არა ეს ფაქტი. ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საშაურმის უკან შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა მურადაშვილის დგას. არადა, ეს კაცი იმიტომ გამოუშვეს გურიაში, კრიმინალური ფონი გაუმჯობესებულიყო“, _ აღნიშნული განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის პარტიის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ გააკეთა. რის შემდეგაც, მჟავანაძის თქმით, მის ტელეფონზე გახორციელდა მუქარის შემცველი არაერთი ზარი, როგორც რუსეთიდან და უცხოეთიდან, ასევე, საქართველოდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს “ენმ“-ს ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში პოლიტსაბჭოს წევრებმა დავით კირკიტაძემ და ოთარ სირაძე, ბრიფინგი მოაწყვეს.
დავით კირკიტაძის თქმით, კრიმინალები და ე.წ. “ქურდული სამყაროს“ წევრები, დღეს პოლიციასთან შეთანხმებით თავისუფლად გადაადგილდებიან, ისინი არიან მოკავშირეები და მეტიც, ერთმანეთის წინაშე ანგარიშვალდებულნიც:
“ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ ადგილობრივი, სამხარეო პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულა და ნაცვლად კრიმინალების დევნისა, ის ამხილა გარკვეული ობიექტების მფარველობაში, ამით ყოველ, ნორმალურ სახელმწიფოში გენერალური ინსპექცია დაინტერესდებოდა და გამოძიება დაიწყებოდა, ნაცვლად ამისა, მჟავანაძის ტელეფონზე განხორციელდა მუქარის შემცველი ზარები, თუ რატომ დაადანაშაულა მურადაშვილი აღნიშნულ საქმეში“.
როგორც დავით კირკიტაძემ განაცხადა, პოლიცია და კრიმინალები ერთად არიან უნისონში, ისინი მოკავშირეები და ანგარიშვალდებულნი არიან ერთამანეთან, როგორც წინასაარჩევნო ასევე არასაარჩევნო პერიოდშიც, ისინი ერთნაირად ახდენენ ზეწოლას საზოგადოებაზე.
დავით მჟავანაძის განცხადებას სიცრუე უწოდეს შსს-ში.
“აბსოლუტურად სიცრუეა ის ინფორმაცია, რასაც “ნაცმოძრაობის“ წევრი ავრცელებს“, _ აცხადებენ შს სამინისტროს პრესსამსახურში.