სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ მინისტრის განცხადებები ხელისუფლების იმიჯს აზიანებს. ნანუაშვილი დასძენს, რომ წულუკიანისგან მსგავსი განცხადებები მანამდეც მოუსმენია.
“მანამდეც მოგვისმენია ქალბატონი მინისტრისგან სხვადასხვა განცხადება. მისი ეს განცხადება, პირველ რიგში, აზიანებს საქართველოს ხელისუფლებას და ამ ხელისუფლების იმიჯს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში. სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ და სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელსაც ქალბატონი წარმოადგენს – პროკურატურა და სასამართლო სისტემა. სახალხო დამცველის ინსტიტუცია არის ყველაზე უფრო განვითარებული საქართველოს ისტორიაში”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
დღეს თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს საქართველოში “პირველი უსამართლო ომბუდსმენი” უწოდა. მინისტრის კრიტიკა უჩა ნანუაშვილის მიერ დეკანოზის საქმეზე მემზადებულმა ანგარიშმა გამოიწვია.
სახალხო დამცველმა 15 ნოემბერს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მონიტორინგისანგარიში გამოაქვეყნა. ომბუდსმენის შეფასებით, მიუხედავად საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა.
ანგარიშს მოგვიანებით საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა და ანგარიშს არაკომპეტენტური უწოდა. ანგარიში პოპულიზმად “შეაფასა” შეაფასა თბილისის საქალაქო სასამართლომ.
5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.