მერიის ინიციატივას შპს ფეხბურთის კლუბ ლანჩხუთის გურიას დაფუძნების თაობაზე ლანჩხუთის საკრებულომ რიგგარეშედ გამართულ სხდომაზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.
იქედან გამომდინარე, რომ კლუბის ახალი მენეჯმენტი სამომავლო განვითარებისთვის ითხოვდა ამ სტატუსის ამოქმედებას, როგორც გაირკვა, საკითხი გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა.
კლუბის შპს-დ დაფუძნება კი არ არის დაკავშირებული ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ზრდასთან, ვინაიდან დაფინანსება მოხდება ა (ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ა(ა)იპ ლანჩხუთის გურიასათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
სხდომას, რომელსაც დეპუტატების გარდა მერის მოადგილე და უშუალოდ საკითხის მომხსენებლები ესწრებოდნენ, დღის წესრიგის შესაბამისად კიდევ ერთი საკითხი განიხილეს და დასტურიც მისცეს. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების განხორციელების თაობაზე.
როგორც სხდომაზე გაჟღერდა, ცვლილება შეეხება დასუფთავების ღონისძიებებში არსებული პრობლემების ნაწილობრივი მოგვარების მიზნით 100 ცალი 1100 ლიტრი ტევადობის ნაგვის ურნების შეძენას და ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში ელექტრო-ენერგიის ქსელში ჩართვის მიზნით 800 ლარით კაპიტალური დაბანდებების გაზრდას გარე განათების სფეროში.

































































