ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ვლადიმერ ჩხაიძე პოსტიდან გათავისუფლებულია.
თუ რა გახდა ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლების მიზეზი, ამაზე საუბარს თავს არიდებს თავად ვლადიმერ ჩხაიძე.
„არც ახლა და არც შემდგომში არ ვაპირებ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის დეტალებზე ვისაუბრო. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც სკამს ებღაუჭება ან პოლიტიკური სახის განცხადებების გაკეთება უყვარს. 18 წელი ვედექი ამ სამსახურს სათავეში და შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებდი, შაბათი და კვირა ჩემთვის არ იყო. ჯანდაცვის ცენტრის შენობას გარედანაც რომ შეავლოთ თვალი, ადვილად მიხვდებით თუ რა პირობებში გვიწევდა აქ მუშაობა. „დამიჭირეს მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია“, _ დაახლოებით ასეა ჩემი საქმე“, _ ამბობს ჩხაიძე.
რაც შეეხება მერიის პოზიციას ვლადიმერ ჩხაიძის პოსტიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, უწყების პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ჩხაიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.