„პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია მისცეს რჩევა თუ მითითება, თუ როგორ უნდა შედგეს სია” _ ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით მიმდინარე დაპირისპირებას.
მისივე თქმით, მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით პოზიციას ვერ დააფიქსირებს, რადგან ეს მისი პრეროგატივა არაა.
„პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია მისცეს რამე რჩევა თუ მითითება ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შედგეს სია. ეს უნდა გადაწყვიტონ მათ, ხელისუფლების იმ შტოებმა, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ. ამ შემთხვევაში საუბარია სასამართლოზე და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, რადგან პროცედურაში პარლამენტი არის გათვალისწინებული.
პრეზიდენტი ამ პროცედურაში არ არის გათვალისწინებული და მე შემიძლია ვიყო მხოლოდ საზოგადოების მხარეს და ვთქვა ის, თუ როგორია საზოგადოების მოლოდინი. დემოკრატიული ქვეყნის იმპერატივია, რომ არსებობდეს, შენარჩუნებული იყოს და ამაღლებული იყოს ნდობა სასამართლოს მიმართ.
მე პირადად ხელისუფლებას არაფერს არ ვურჩევ, იმიტომ რომ კერძო პირი არ ვარ, მე ვარ პრეზიდენტი, წარმოვადგენ ინსტიტუტს, რომელსაც არ აქვს კომპეტენცია და უფლება, მისცეს რჩევა ან რეკომენდაცია“, _ განაცხადა ზურაბიშვილმა.