უკანონო თევზჭერის ფაქტები დაფიქსირდა გორში, სოფელ ხიდისთავის მიმდებარედ.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, სამართალდამრღვევი დეპარტამენტის თანამშრომლებს დაემუქრა.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით,24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი, მათ შორის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველო, აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. შედეგად, 2025 წელს, მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ თევზჭერის წესების დარღვევის 57 ფაქტია გამოვლენილი”,_ აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.






























































