„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ეხმაურება საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების მიერ დასმულ შეკითხვებს, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ, მათ შორის უბნების 8%-ზე გამოვლენილი დისბალანსების თაობაზე.
„სამართლიანი არჩევნების“ მმართველი რგოლის ცვლილების შემდეგ, საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გასაცემად, ორგანიზაციის თანამშრომლებისა და გამგეობის წევრების მიერ, გადაწყდა შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი ხარვეზების ხელახალი, სიღრმისეული შესწავლა. ამ მიზნით, ორგანიზაციის სათაო და რეგიონული ოფისების წარმომადგენლებმა, იანვრის პირველ ნახევარში, გადაამოწმეს ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში შესული ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი და თანდართული დოკუმენტები (850 უბანი), მათ შორის 25 სპეციალური, ე.წ. COVID-უბნისა და პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი სამი საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები.
გადამოწმების ფარგლებში “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოავლინა ის შემაჯამებელი ოქმები, რომლებშიც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი მეტი, ტოლი ან ნაკლები იყო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. გადამოწმების პროცესში გაანალიზდა თანდართული დოკუმენტაციაც (შესწორების ოქმები, ახსნა-განმარტებები და განკარგულებები), აგრეთვე, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეადარა დამკვირვებლებისთვის უბნის დახურვისას გადაცემული შემაჯამებელი ოქმების დამოწმებული ასლები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე ატვირთული შემაჯამებელი ოქმები.
გადამოწმების სრული შედეგები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების შემაჯამებელ ანგარიშში გამოქვეყნდება. საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ინფორმაციას შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი მეტობებისა და ნაკლებობების შესახებ.
“სამართლიანი არჩევნები” მზად არის, მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეებთან დეტალურად განიხილოს ეს საკითხები.
მეტობები შემაჯამებელ ოქმებში
„მეტობით დისბალანსად“ მიჩნეულია ვითარება, როდესაც შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველთა ხელმოწერების საერთო რაოდენობას. „მეტობით დისბალანსი“ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ მასში იმაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ უნდა ყოფილიყო გაცემული, რაც მიუთითებს კენჭისყრის დღის ან/და ხმის დათვლის პროცედურების კანონის დარღვევით წარმართვაზე.
საარჩევნო უბნების პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების შესწავლისას, საერთო ჯამში, ისეთი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობამ, რომელშიც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, PVT შერჩევის 8% შეადგინა, აქედან:
საარჩევნო უბნების 3.6%-ზე მეტობით დისბალანსის მქონე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში, მონაცემები კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში გამოცემული შესწორების ოქმებით, ხოლო მომდევნო დღეებში – საოლქო კომისიების განკარგულებებით დაკორექტირდა;
საარჩევნო უბნების 1.3%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში მეტობით დისბალანსის განმარტების ან შესწორების მიზნით არ არის გამოცემული შესწორების ოქმი და/ან განკარგულება; დაწერილია მხოლოდ ახსნა-განმარტება ან მონაცემი უშუალოდ შემაჯამებელ ოქმში არის გადასწორებული;
საარჩევნო უბნების 0.6%-ზე პროპორციული შემაჯამებელი ოქმები საარჩევნო უბნებზე საეჭვო გარემოებაში შესწორდა. ძირითადად, ეს იმას გულისხმობს, რომ დამკვირვებლის მიერ მიღებული, დამოწმებული ასლის და ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ან შესწორების ოქმების მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს და იძლევა განსხვავებულ შედეგს;
საარჩევნო უბნების 1.8%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული „მეტობით დისბალანსი“ შესწორდა კენჭიყრის დღესვე საარჩევნო უბანზე, თუმცა შესწორების ოქმები შედგა გარკვეული ხარვეზებით;
საარჩევნო უბნების 0.7%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული „მეტობით დისბალანსი“ კენჭისყრის დღესვე, საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმების საფუძველზე შესწორდა.
მეტობით დისბალანსიან PVT შერჩევის საარჩევნო უბნების 46%-ზე “სამართლიანმა არჩევნებმა” საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები წარადგინა, მათ შორის, საარჩევნო უბნების 41%-ზე გადათვლის მოთხოვნით[4]. აქედან, საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს გადათვლის არცერთი მოთხოვნა. საარჩევნო უბნების 7%-ზე საჩივარი განუხილველი დარჩა, 3%-ზე – დაყენებული მოთხოვნის მიუხედავად, კომისიას ამ საკითხზე გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია, ხოლო 9%-ზე – საუბნო კომისიის პასუხისმგებელ წევრებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ.
ბიულეტენების ნაკლებობა შემაჯამებელ ოქმებში
„ბიულეტენების ნაკლებობად“ მიჩნეულია ვითარება, როდესაც შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი ნაკლებია შესაბამის უბანზე არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. ბიულეტენების ნაკლებობა ნიშნავს იმას,რომ საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ, მასში იმაზე ნაკლები ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე კომისიის მიერიყო გაცემული.
პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობა დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 25.8%-ზე, აქედან:
საარჩევნო უბნების 2.9%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში, რომელშიც ბიულეტენების ნაკლებობა გამოვლინდა, კენჭისყრის მომდევნო დღეს ან მოგვიანებით შესწორდა, საოლქო საარჩევნო კომისიაში შედგენილი შესწორების ოქმებით ან განკარგულებებით;
საარჩევნო უბნების 19.4%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის შესწორების მიზნით, არ შედგენილა შესწორების ოქმი და/ან განკარგულება;
საარჩევნო უბნების 3.5%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი ბიულეტენების ნაკლებობა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმით შესწორდა, აქედან: 1.9%-ზე, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე შესწორების ოქმის მონაცემის გათვალისწინებით, პორპორციულ შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ შედგა და კვლავ ნაკლებობით დარჩა.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი თვითნებურად გატანა ან განადგურება. შესაბამისად ბიულეტენების ნაკლებობა პროპორციული სისტემის კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმში, სავარაუდოდ, დაკავშირებულია სამართალდარღვევასთან და მათი დაკარგვა გამოწვეულია კომისიის ან ამომრჩევლის მიერ კანონის დარღვევით. ნაკლებობის მიზეზი, შესაძლოა, იყოს ამომრჩეველის მიერ, ბიულეტენის განზრახ ან უნებლიედ, საარჩევნო უბნიდან გატანა. თუმცა, ასეთი შემთხვევები ვერ იქნებოდა მასობრივი, რადგან ამომრჩევლის მიერ, ბიულეტენის კონვერტში მოთავსების პროცესი კონტროლდება კომისიის, დამკვირვებლების და სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. იმის დასადასტურებლად, რომ ბიულეტენები დაიკარგა კენჭისყრის პროცესში და არა დათვლისას, კომისიის წევრთა განზრახვით ან დაუდევრობით, საჭირო იყო შედეგების გადათვლა და რეალური სურათის ამგვარად აღდგენა.
აღსანიშნავია, რომ ბიულეტენების დანაკლისის შემოწმება საოლქო საარჩევნო კომისიების ჯეროვან ყურადღებას არ იქცევს. რიგ შემთხვევებში, საერთოდ არ არის აღიარებული დარღვევად, მაშინაც კი, როცა საუბარია ათეულობით ბიულეტენით ნაკლებობაზე. ამგვარი განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ნაკლებობის მიზეზების შესწავლასა და შედეგების გამოკვლევას არ დაეთმო სათანადო ყურდღებაზე მდგომი საარჩევნო კომისიის მიერ.
შესწორების ოქმების შედგენა საოლქო საარჩევნო კომისიებში
შემაჯამებელი ოქმი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივიაქტია, რომლის შედგენისა და შესწორების წესი მკაცრად არის განსაზღვრული კანონმდებლობით. შესწორების ოქმი უნდა შედგეს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ, შემაჯამებელ ოქმში შეცდომის დაშვებისთანავე და შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე უნდა გაკეთდეს წარწერა „შესწორებულია“. ასევე, შესწორების ოქმი უნდა დამოწმდეს საუბნო კომისიის ბეჭდით და უნდა გატარდეს ჩანაწერთა წიგნში.
საარჩევნო კოდექსის 26-ე მუხლი, შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის გამოცემის შესაძლებლობასაც უშვებს, მაგრამ არა ზოგადი პრაქტიკის სახით, არამედ „საჭიროების შემთხვევაში“ და იქვე უთითებს, რომ ეს უნდა მოხდეს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას.
შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე, ეს მექანიზმი არსებობს შემაჯამებელი ოქმის შედგენისას დაშვებული მექანიკური ან/და ისეთი შეცდომის გამოსწორებისთვის, რაც ძირითადი ოქმის შევსებისას უკვე ცნობილია შემდგენელი საუბნო კომისიისთვის. ამავე ლოგიკით, თუ შეცდომის შესახებ ცნობილია, შესწორებაც მაშინვე, უბანშივე უნდა მოხდეს. ამდენად, ამ მექანიზმის დანიშნულება არაა შემაჯამებელი ოქმის შევსების დასრულების შემდეგ, გამოვლენილი შეუსაბამობების დაბალანსების მიზნით, რომელიმე მონაცემის კორექტირება.
ზემოაღნიშნული სტანდარტის საწინააღმდეგოდ, საოლქო კომისიებში შესწორების ოქმების შედგენა არა მხოლოდ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა, არამედ ხშირად გამოიცემოდა ყოველგვარი ფორმალური თუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესწორების ოქმების შედგენის პრაქტიკა სანდოობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. კერძოდ, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიებში შედგენილი შესწორების ოქმები შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემები გადათვლის გარეშე, წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე ზუსტდებოდა, რაც მონაცემების შესწორებისთვის არასაკმარისი საფუძველია.
შემაჯამებელი ოქმების შესწორება საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც მიიღება/გამოიცემა საარჩევნო კოდექსითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში[8]. შემაჯამებელ ოქმში დაშვებული შეცდომის შესწორების უმთავრეს გზას შესწორების ოქმის შედგენა წარმოადგენს, თუმცა ამ მექანიზმის გამოყენება ვადაში შეზღუდულია და იგი არ შეიძლება შედგეს კენჭისყრის დღის მეორე დღეზე გვიან. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შემაჯამებელ ოქმებში არსებული შეუსაბამობები საოლქო კომისიების განკარგულებით შესწორდა, რომლის საფუძველს კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა ან, ძირითადად, საუბნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელი ოქმების შემოწმების პროცესში, საოლქო საარჩევნო კომისიებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს პირველი დონის საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ კანონის დაცვის ეფექტიანი კონტროლი. მეტიც, ტენდენციის სახე ჰქონდა ოლქში საუბნო კომისიის წევრთა დაბარებას და ახსნა-განმარტებების შედგენას, რაც შემდეგ განკარგულებათა მთავარ საფუძვლად იქნა გამოყენებული. საგულისხმოა, რომ ამ ტიპის დოკუმენტებს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ავტორის ხელმოწერა ახლდა და არ ჰქონდა ისეთი რეკვიზიტები, როგორიცაა ბეჭედი, შედგენის საათი და ადგილი. ჩამოთვლილი რეკვიზიტები აუცილებელია, რათა ზუსტად დადგინდეს ახსნა-განმარტების შედგენის კანონიერება და ლეგიტიმური მიზანი.
PVT უბნებთან დაკავშირებით გამოცემული განკარგულებების ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი არ არის სათანადოდ დასაბუთებული და გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის გარეშე. შესწორებების ოქმების მსგავსად, საოლქო კომისიები, უმრავლეს შემთხვევაში, აქაც საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს ეყრდნობოდნენ. ამგვარი განკარგულებები ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებისათვის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს.