სამაშველო ოპერაცია სურების ხეობაში – მერის წარმომადგენელი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მერის წარმომადგენლის კლინიკაში გადაყვანას მერიის პრესსამსახურში გვიდასტურებენ.
“გამარჯობა. დიახ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში მაცხოვრებელი პირი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, ურთულეს რელიეფურ პირობებში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ და შემოსულ შეტყობინებებზე ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას. მეხანძრე-მაშველები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ და სხვადასხვა სოფელში მოსახლეობას საკვებით, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებითა და მედიკამენტებით ამარაგებენ”, _ გვწერენ ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურიდან.
მომხდართან დაკავშირებით, “გურია ნიუსი” ოზურგეთის კლინიკა მედალფას დაუკავშირდა. როგორც კლინიკაში გვითხრეს, პაციენტის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
ინფორმაციისთვის, სურების ხეობაში თოვლის საფარი 3 მეტრს აღწევს, რის გამოც ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო და გზის გაწმენდითი სამუშაოები სურების ხეობაში დასრულებული არ არის.