საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ონში, სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
“ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე, შეტყობინების მიღებიდან (10:55 საათი) 10 წუთში გამოცხადდა (11:05 საათი), თუმცა ექიმებს, სამხედრო მოსამსახურე, სამწუხაროდ, გარდაცვლილი დახვდათ. შესაბამისად, ცალკეული მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავთ, რომ სტიქიის ზონაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების ოთხი ბრიგადა. ასევე, ონისა და ამბროლაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებთან მობილიზებულია ორი რეანიმობილი”,_ ნათქვამია განცხადებაში.