სამოქალაქო აქტივისტს, გიორგი მუმლაძეს სასამართლომ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გიორგი მუმლაძე თანხის გადახდამდე საპატიმროში რჩება.
ბრალდების მხარე, სამოქალაქო აქტივისტისთვის 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე თავდებით გათავისუფლებას.
სამოქალაქო აქტივისტის ალიკა კუპრავას თქმით, გირაოს თანხას სამოქალაქო აქტივისტები შეაგროვებენ. ჩარიცხვები უკვე დაიწყო.
საქართველოს ბანკი: #GE51BG0000000101305140 მიმღები: იგორ ნარმანია
თიბისი ბანკი: #GE85TB7981236515100033 მიმღები: ალიკა კუპრავა
შეგახსენებთ, რომ შსს-მ მუმლაძეს პოლიციელზე ძალადობას ედავება. ის “ქართული ოცნების” ოფისთან გამართული აქციის დროს, 14 აპრილს დააკავეს. მმართველი პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები ოკუპირებული რეგიონიდან გადმომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იძულებითი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.
ცნობისთვის, გიორგი მუმლაძეს ბრალი ოფიციალურად 15 აპრილს წაუყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.