ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის „სამოქალაქო პიკნიკების“ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, სადაც აქტუალური პრობლემის – მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხის გადაჭრის გზების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრები „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის’’ ორგანიზებით, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის – „სათათბირო დემოკრატიის ინსტიტუციური განვითარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“ ჩატარდა. პროექტი – „სათათბირო დემოკრატიის ინსტიტუციური განვითარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოსთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოსთან, ადგილობრივ ბიზნეს და სამოქალაქო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, მიზნად ისახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის საკითხის გადაჭრისთვის რეკომენდაციების შემუშავებას „მოქალაქეთა ასამბლეას“ მოწვევის გზით. მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის შერჩევის დროს პროექტის გუნდი დაეყრდნო USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მიერ პარტნიორ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით ოზურგეთის მოქალაქეებმა პირველ პრიორიტეტულ პრობლემად მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობა დაასახელეს. საკითხის აქტუალობა დაადასტურა „სამოქალაქო პიკნიკების“ ფორმატში გამართულმა საინფორმაციო შეხვედრებმაც, რომლებსაც 160-მდე ადგილობრივი დაესწრო. ქრისტი ორაგველიძის, „ცხოველთა პოპულაციის ცენტრი ოზურგეთში“ ხელმძღვანელის შეფასებით, „შეხვედრის ასეთი ფორმატი ძალიან სასარგებლოა აქტიური მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ გადაჭრან მიუსაფარი ცხოველების პრობლემა“. „ისეთი აქტივობით, როგორც „სამოქალაქო პიკნიკია“, შესაძლებელია, მოსახლეობას ავუხსნათ, რომ მიუსაფარ ცხოველებს სჭირდებათ ზრუნვა და მოვლა“ – გიორგი ტოტოჩავა, გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლე თვლის, რომ ამ მასშტაბური პრობლემის გადაჭრაში ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი. „სამოქალაქო პიკნიკზე“ შევხვდი ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მიუსაფარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის საკითხის მოგვარება მოსახლეობის ჩართულობით. მივესალმები, რომ ამ თემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხალხისგან შერჩეული „მოქალაქეთა ასამბლეა“ იმუშავებს“, – ამბობს რუსლან ურუშაძე, სოფელ ლიხაურში ექვთიმეს მუზეუმის გამგე. პროექტის გუნდი ადვოკატირებას გაუწევს „მოქალაქეთა ასამბლეის“ მიერ ექსპერტებთან თანამშრომლობით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის დამტკიცებასა და ნორმატიული აქტის მიღებას. ასევე დაგეგმილია ინტერმუნიციპალური კონფერენცია, სადაც გაზიარებული იქნება პროექტის შედეგები და გამოცდილება. წინამდებარე პუბლიკაციის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მეშვეობით. მასალა მომზადებულია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ მიერ და შესაძლებელია არ ასახავდეს USAID-ის ან აშშ–ს მთავრობის შეხედულებებს. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved