სამხრეთ კორეის სასამართლომ, ტექონოლოგიური გიგანტის, კომპანია Samsung Electronics-ის ხელმძღვანელს ჯეი ი. ლის 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სეულის უმაღლესმა სასამართლომ ჯეი ლი მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უკანონო შემოსავლების დამალვაში ცნო დამნაშავედ.
ბრალდების მხარის მტკიცებით, მან 43 მილიარდი ვონი გადასცა არაკომერციულ ფონდს, რომელიც კორეის პრეზიდენტთან პაკ კინ ჰესთან არის დაკავშირებული.
როგორც Reuters წერს, 2017 წელს, 52 წლის ლი სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტთან, პაკ კინ ჰესთან დაკავშირებული პირისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით 5 წლით დააპატიმრეს. ჯეი ლი კანონდარღვევას უარყოფდა, რის შემდეგაც სასჯელი შეუმცირდა და შეუჩერდა, ერთი წლის შემდეგ კი გაათავისუფლეს. უზენაესმა სასამართლომ საქმე სეულის უმაღლეს სასამართლოში დააბრუნა, რომელმაც დღეს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
მოსამართლის განმარტებით, მომავალი შვიდი დღის განმავლობაში შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება, თუმცა იურიდიული საკითხების ექსპერტების აზრით, იმის გამო, რომ უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთხელ უკვე მიიღო, ძალიან მცირე შანსი არსებობს, რომ მისი სამართლებრივი ინტერპრეტაცია შეიცვლება.
Reuters-ის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ Samsung Electronics-ის აქციების ფასი 4%-ით შემცირდა.