წუხელ გვიან ღამით სამტრედიაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებული შუახნის ქალბატონები არიან. რადგან საკუთარ ოჯახებში თვითიზოლაციაში ყოფნის პირობები არ ჰქონდათ, უსიმპტომო პაციენტები ბათუმის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. წუხელვე დაიწყო კონტაქტებზე მოკვლევები.
,,სამტრედიაში დღეის მდგომარეობით 11 კოვიდინფიცირებული გვყავს. სამწუხაროდ პირველი შემთხვევა ფატალურად დასრულდა, თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრებ 58 წლის ზურაბ ქორიძეს დღეს სამტრედიაში კრძალავენ. მინდა, გითხრათ, რომ დაინფიცირებულთა უმრავლესობას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს”, _ ,,გურია ნიუსთან” საუბრის დროს განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის რაიონული ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ.