ხვალიდან, 3 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, სამტრედიაში მესამე საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადადის. სასწავლო დაწესებულების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის მოთხოვნით მესამე საჯარო სკოლის დირექციამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მიმართა.
,,წინა კვირაში კოვიდ-19 დაუდასტურდა ჩვენი სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა თევზაძის რეკომენდაციით მესამე საჯარო სკოლის მეოთხე ,,გ” კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიყვანეთ. წინა კვირაში ასევე კორონავირუსით დაინფიცირდა ჩვენი სკოლის დამლაგებელი. ამ ორი ფაქტის გამო სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეთა რაოდენობამ იკლო. კვირის ბოლოს საგაკვეთილო პროცესებს სკოლის მოსწავლეთა 12 პროცენტი დაესწრო, რის საფუძველზეც განათლების სამინისტროში წერილი გავაგზავნეთ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მოთხოვნით. დღეს მივიღეთ თანხმობა. ხვალ ჩვენი სკოლის მასწავლებლებს ტესტირება ჩაუტარდებათ, ისინი გეგმიურად ყოველ ორ კვირაში დაიტესტებიან”, _ ,,გურია ნიუსს” ამ ინფორმაციით დღეს სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი, ვენერა ოდილავაძე დაუკავშირდა.