სამტრედიის მუნიციპალიტეტში დღეს ვეტერანების დღე აღნიშნეს. დაახლოებით, ოცდაათამდე ვეტერანი შეიკრიბა ქალაქის ცენტრში და ყვავილებით შეამკო შინმოუსვლელი ჯარისკაცის დედის მიმდებარედ არსებული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა მემორიალი. გვირგვინით შეამკეს ასევე ახალ სკვერში მდგარი ჟიული შარტავას და გურამ გაბესკირიას ბიუსტები.
შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს წარმომადგენელი სამტრედიაში ედუარდ ახობაძე.
სამაჩაბლოში და აფხაზეთში ნაბრძოლი სამტრედიელი ზაზა ადეიშვილის შეფასებით ეს დღე არის მადლიერების გამოხატვა მშვიდობის, ქვეყნისადმი სამსახურისა და თავდადებისადმი:
,,17 ოქტომბერი უკვე მეექვსე წელია, აღინიშნება საქართველოში და მათ შორის ჩვენს მუნიციპალიტეტში, სადაც, დაახლოებით, ათასამდე ვეტერანია, ყველაზე მეტი პროცენტულად საქართველოს მასშტაბით”.
„გურია ნიუსთან“ საუბრისას საქართველოს ეროვნული გვარდიის 24- ე ბატალიონის მეთაურმა, ამჟამად სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსმა, ზაზა კაჭახიძემ განაცხადა:
,,ვულოცავ ყველა ვეტერანს დღეს, განსაკუთრებით კი სამტრედიელ ვეტერანებს, რადგან დიდია მათი დამსახურება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. რამდენიმე დღის წინ შევხვდით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსს კობა კობალაძეს, რომელმაც მთავრობის დანაპირები გადმოგვცა, რომ დაუბეგრავი მინიმუმი გაიზრდება სამი ათასიდან ექვსიათასამდე, 22 ლარი გახუთმაგდება და მეტი ყურადღება მიექცევა ვეტერანებს.”
[sexy_author_bio]