უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრების ლიდერმა, სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
სანდრომ ტურნირი 1/64 ეტაპიდან დაიწყო და ერთმანეთის მიყოლებით პოლონელი მატიუს კნეზი (15-8), ორი რუსი მოფარიკავე _ ანატოლი კოსტენკო (15-10), ვენიამნი რეშეტნიკოვი (15-11), იტალიელი ენრიკო ბერე (15-12) დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ არონ სზილაგთან დამარცხდა (15-6).
ბაზაძემ საბოლოოდ მე-3 ადგილი გერმანელ, მატიაშ შაბოსთან ერთად დაიკავა. მსოფლიო თასის გამარჯვებული მოხმალავეთა შორის კი ტურნირის ფავორიტი და მსოფლიოს პირველი ნომერი, სამხრეთ კორეელი, სანგუკ ოჰი გახდა.
გუშინ ძალიან დასანანი მარცხი იწვნია კიდევ ერთმა ქართველმა ლიკა ჯიჯეიშვილმა, რომელმაც პირველ წრეში ჩინელი იქი გუო დამარცხა და ძირითად ეტაპზე ფრანგ მალინა ვონგსავადისთანაც მშვენივრად გამოიყურებოდა, გამარჯვებისთვის 2 ქულაღა ჭირდებოდა, თუმცა 13-9-ის შემდეგ ქულა ვეღარ აიღო და 13-15 დამარცხდა.
პირველივე ეტაპზე გამოეთიშა შეჯიბრს თეოდორა კახიანი.