ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ესპანურ „ვილიარეალთან“ ამხანაგურ მატჩში დამარცხება იგემა – 2:3. წაგების მიუხედავად, იტალიურ მასმედიაში ქართველი მოთამაშის თამაში მაინც გამოარჩიეს. მის მიერ შესრულებულ თერთმეტმეტრიანს გამოეხმაურა გამოცემა „Area Napoli“.
„პირველი ტაიმის შემდეგ კვარაცხელიამ მოუმატა. პენალტი გაიტანა, რომელიც ძალიან კარგად დაარტყა. ქართველმა დარტყმის წინ მეკარეს შეხედა. ეს არის თვისება, რომელიც მხოლოდ პენალტის ნამდვილ შემსრულებლებს აქვთ. კვარაცხელიამ ყველას „მესიჯი“ გაუგზავნა, სპალეტიდან დაწყებული, პოლიტანოთი დამთავრებული, რომ პენალტების დარტყმაში საუკეთესოა, ყოველ შემთხვევაში, რაც ვნახეთ იმის მიხედვით“.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლური გუნდის რიგებში თერთმეტმეტრიანი სამჯერ დაარტყა და სამივეჯერ გაიტანა.
ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება ინგლისურ „ნიუკასლს“ სურს, რომელიც მზადაა ქართელის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს.
ამასთან დაკავშირებით, „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„კვარათი „ნიუკასლის“ დაინტერესება? მიუხედავად შემოთავაზებული თანხისა, შანსიც კი არ არსებობს, რომ ჩვენ მას გავუშვებთ“.
აშშ–ის ეროვნული საკალათბურთო ლიგის კლუბ „მილუოკის“, საქართველოს ნაკრების შემტევი სანდრო მამუკელაშვილი დაუბრუნდა. ქართველი ბოლო პერიოდი G ლიგაში ასპარეზობდა.
„მილუოკი ბაქსმა“ „იუტა ჯაზს“ უმასპინძლა და მოიგო – 123:97. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 23:48 წუთი გაატარა. მამუკელაშვილმა 3 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. მან 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ერთი ორქულიანი ააცილა და საჯარიმო არ უსვრია.
სამწუხაროდ, ესპანური „მურსიას“ რიგებში, საქართველოს ეროვნული გუნდის გამთამაშებელ რატი ანდრონიკაშვილს მწირი სათამაშო დრო ეძლევა.
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „მურსიამ“ „გრან კანარიას“ უმასპინძლა და მეტოქეს დამაჯერებლად სძლია – 99:85. რატი ანდრონიკაშვილმა მოედანზე მხოლოდ 35 წამი გაატარა. ამ დროში ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. ერთი სამქულიანი შეასრულა, თუმცა ისიც არაზუსტად.
სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრების წევრმა თად მაკფადენმა ნამოედანზე 23:58 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 21 ქულით, 4 პასით და 2 მოხსნით გამოიჩინა.
ცნობილი გახდა რომ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა თანამდებობა შეინარჩუნა, არადა კატარის მუნდიალზე საფრანგეთთან ინგლისის მარცხის შემდეგ საუთგეიტის წასვლის შესახებ აქტიურად იწერებოდა.
გამოცემა „Telegraph“–ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გარეთ საუთგეიტი მუნდიალის შემდგომ სახლში დაბრუნდა, თავის ოჯახის წევრებს და მეგობრებს საკუთარი მომავლის შესახებ ესაუბრა და განუცხადა, რომ მომდევნო დიდ ტურნირამდე, სავარაუდოდ, ევრო 2024-მდე გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.
ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, სერხიო ბუსკეტსმა კი 34 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა.
კატალონიური „ბარსელონას“ ცოცხალ ლეგენდას, ესპანეთის ეროვნული გუნდის მაისურით 2010 წლის მუნდიალი და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული.
„ეროვნულ გუნდში143 მატჩის შემდეგ, დადგა მომენტი, როდესაც ნაკრებს უნდა დავემშვიდობო.“ – დაწერა ბუსკეტსმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე.