მსახიობი სანდრო ჟორჟოლიანი ავტობუსში, ტროლეიბუსსა თუ ტრამვაიში რომ ადიოდა, მგზავრებს უმალ სიცილი უტყდებოდათ ხოლმე. ეტყობა, მისი როლები აგონდებოდათ. ასე ემართებოდათ ქუჩაში მოსიარულეთაც.
ერთხელ სანდროს ახლობელს ახალგაზრდა სიდედრი გარდაეცვალა. დასტირიან მიცვალებულს ჭირისუფლები. შევიდა ჟორჟოლიანი სამძიმარზე და მოხდა სასწაული: აქა – იქ სიცილი გაისმა, თვით მიცვალებულის ახლობლებს შორისაც კი. გამოვიდა საწყალი გარეთ და ეზოს კუთხეში განმარტოვდა. მიუახლოვდნენ ნაცნობები და მეორე სასწაულის მოწმენი გახდნენ. ბატონ სანდროს ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდის.
– რა მოხდა, ბატონო სანდრო, ცუდად ხომ არ ბრძანდებით?
– იმ ქალის გამომცხვარი ხაჭაპური მეც მიჭამია, სიდედრის კვალობაზე ტკბილი ქალი იყო და ორი კურცხალი კი ეკუთვნის ჩემგან.
– კი, მაგრამ, მეორე ორი კურცხალი? – არ მოასვენეს.
– მეორე ორი კურცხალი, ბიძიკოებო, მე მეკუთვნის, საკუთრად, სულ რომ იცინიან ჩემს დანახვაზე. მაგათ ჰგონიათ, სულ ხუმრობის გუნებაზე ვარ, ეგ კი არა, კუბოში რომ მნახონ, იტყვიან, “კოსტაია” ხუმრობსო.