საპარლამენტო ტრიბუნა ოპოზიციონერ დეპუტატებს ბლოკირებული აქვთ. საკანონმდებლო ორგანოში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ერთმანეთს ოპოზიციისა და უმრავლესობის დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში მედია ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მათი გაღიზიანება პარლამენტის შენობაში შესასვლელად რამდენიმე ჟურნალისტისთვის საშვის დაშვებაზე უარის თქმამ გამოიწვია.
ამ წუთებში ოპოზიციონერი დეპუტატები მოქალაქეებსა და სხდომათა დარბაზში შეკრებილ დეპუტატებს საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართავენ.
„ამ დანაშაულის თანამონაწილეები ხართ. გადააყენეთ ღარიბაშვილი, გომელაური და შემდეგ შევძლებთ, რომ გავაგრძელოთ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები და ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც კი არ ძალადობს ხალხზე, იცავს კონსტიტუციას და ხალხს“, – მიმართა საპარლამენტო ტრიბუნიდან მოქალაქეებსა და დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ხელისუფლებისგან ოპოზიცია და მედია ითხოვს, გადადგეს პრემიერი მთავრობასთან ერთად, ასევე, სუს-ის ხელმძღვანელი.
ავტორი: მერაბ ცაავა