მთავრობის ადმინისტრაციაში საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპენსიო სესხის პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს.
გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფო პენსიების დარიგების მომსახურებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონ ლარს გადაუხდის.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრმა დეპუტატებმა აღნიშნეს, თებერვლის ბოლოს ბანკებისთვის კონკურსი გამოცხადდება, სადაც გაირკვევა, თუ რომელი ბანკი დაარიგებს პენსიებს. მათივე თქმით, ამ ეტაპზე ინტერესი „ლიბერთი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ გამოთქვეს.
ამასთან, როგორც პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, სურვილის შემთხვევაში, პენსიონერი შეძლებს პენსიის სხვა, სასურველ ბანკში მოღებას.
„დაახლოებით 15 მილიონით შეეხიდება სახელმწიფო პენსიების დარიგებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს. ასევე, ზედა ზღვარი შემცირდა, რაც იყო ჩვენი გუნდის სურვილი და მათ შორის, ოპოზიციაც ამისთვის იღვწოდა, რომ პროცენტი დაწეულიყო და არა პოპულისტური, არამედ ადეკვატური პროცენტი ყოფილიყო. პროცენტი დაახლოებით, 26 პროცენტის ფარგლებში არის.
ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ვთხოვეთ ეროვნულ ბანკს, რომ უშუალოდ პენსიონერებისთვის ცალკე ცხელი ხაზი შეექმნა და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პენსიონერებს აქვთ უფლება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოუნდებათ პენსიის სხვა ბანკში აღება, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ. ეს იყო ხელშეკრულებაშიც და ეს პოპულიზმი ვერ მოიშორა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.