„პუბლიკის“ ინფორმაციით, პოლიციელი ირაკლი მუხადგვერდელი, რომელიც აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინას საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, სისხლის სამართლის წესით მაისში დააკავეს და მას დღემდე ბრალდებულის სტატუსი აქვს. მან იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
„პუბლიკას“ ამ ინფორმაციას გენერალურ პროკურატურაშიც უდასტურებენ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 24 მაისს, თბილისში, ბრალდებული გადაადგილდებოდა ავტომანქანით, რა დროსაც მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გზის საპირისპირო სამოძრაო ზოლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა”, – გვითხრეს პროკურატურაში.
მუხადგვერდელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც ითვალისწინებს ხულიგნობას – ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ასევე ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
უწყებაში გვითხრეს ისიც, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა წინასასამართლო სხდომაზე პატიმრობის გირაოთი შეცვლა დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რაც სასამართლომ გაიზიარა.
„წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და ბრალდებულს შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით.
დღეის მდგომარეობით საქმე განიხილება არსებითად“, – გვეუბნებიან პროკურატურაში.
„პუბლიკამ“ ასევე შეძლო გაერკვია სასამართლო სხდომის თარიღები, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ ხულიგნობაში ბრალდებული პოლიციელს პატიმრობა გირაოთი მეოთხე დღეს შეეცვალა.
მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ:
‣ 24 მაისს მუხადგვერდელი დააკავეს;
‣ 26 მაისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა;
‣ 29 მაისს, ანუ მეოთხე დღეს, გაიმართა წინასასამართლო სხდომა, სადაც, პროკურატურის ინფორმაციითვე ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და დატოვა საპატიმრო დაწესებულება.
‣ 20 ივნისს საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.
მან დაასახელა კონკრეტული პოლიციელი – ირაკლი მუხადგვერდელი და აღნიშნა, რომ ის „გაუპატიურებით ემუქრებოდა”.



































































