„ფარული ჩანაწერებით შანტაჟის პრაქტიკა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანერგა, რათა მისთვის არასასურველ პიროვნებებზე ზეგავლენა მოეხდინა. ცუდია, რომ აღნიშნული პრაქტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშიც გრძელდება“,_აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პროფესორმა ლადო პაპავამ.
პაპავას ეჭვი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა ბესელიას ფარული ჩანაწერის შესაძლო გამოქვეყნებით სახელმწიფო უწყენები არიან დაინტრესებულნი.
_ბატონო ლადო, საქართველოში ფარული ჩანაწერების გამავრცელებლების მიმართ დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული. სტატისტიკურად, ადამიანი, რომელსაც ფარული ვიდეომასალა ინტერნეტში აუტვირთავს, სამართალდამცავი უწყებების მხრიან არ დასჯილა. როგორ ფიქრობთ, ამგვარ სისხლის სამართლის დანაშაულზე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან, რატომ არ ხდება ადეკვატური რეაგირება ?
_ძალიან ცუდია, როცა ჩვენს მოქალაქეებზე ფარული ჩანაწერების მეშვეობით ზეწოლა ხორციელდება. ეს აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი თავმოყვარე საზოგადოებისთვის. გულდასაწყვეტია, რომ ფარული ჩანაწერებით სტიმულირება ხდება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ ეს მავნე პრაქტიკა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანერგა, რათა მისთვის არასასურველ პირებზე ზეგავლენა მოეხდინა. ცუდია, რომ აღნიშნული პრაქტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშიც გრძელდება. ამ ქვეყანაში ფარული ჩანაწერების გავრცელებას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს.
_ თქვენი აზრით, ფარული ჩანაწერების გავრცელების გზით, კონკრეტულად ვის სურს „ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა ბესელიას დისკრედიტაცია?! პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, ლეგიტიმურია კითხვა _ სასამართლო თუ საპარლამენტო ჯგუფს, რომელიც ბესელიას უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებთან დაკავშირებით დაუპირისპირდა?
_რა თქმა უნდა, ზუსტად. ეს ჩანაწერები ქალბატონ ეკას გამოუქვეყნეს მაშინ, როცა მოსამართლეებთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია გამოხატა. ამასთან, ვხედავთ, რომ უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ოდიოზური მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გახდნენ, აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ფარული ჩანაწერები ამ სტრუქტურების მიერ არის გავრცელებული.
_ჩანს, რომ ფარული ჩანაწერის გამავრცელებელს „ქართული ოცნებიდან“ ეკა ბესელიას მოშორება სურს, რათა ურჩი დეპუტატების ჩამოშორების გზით, საკუთარი პოლიტიკური გეგმები განახორციელოს. რას ფიქრობთ აღნიშნულზე ?
_მხოლოდ ეკა ბესელიას მოშორებაზე არ არის საუბარი. ვიღაცას სურს, რომ ბესელია მორალური ზეწოლის განხორციელების გზით დაასუსტოს. იმ ორგანოებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდნენ და არა ადამიანების შანტაჟზე, ასეთი მეთოდები ძალიან კარგად აქვთ შესწავლილი, რაც თავიდან ბოლომდე ამორალურია.
_ახსენეთ, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების მავნე პრაქტიკა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანერგა, თუმცა ამ მეთოდის გამოყენება „ქართული ოცნების“ მმართველობის ხელწერადაც იქცა. ექსპერტი, გია ხუხაშვილი აცხადებს, ფარული ჩანაწერების მეშვეობით „ქართული ოცნების დეპუტატების შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც არის მიმართულიო. როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი ასეთი ტიპის დანაშაულს თავად ახალისებს თუ ისეც ისეთივე “მსხვერპლია“, როგორც მაგალითად, „ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია ?
_ბატონი ბიძინას როლი დიდი იყო მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა, თუმცა პარალელურად, მისი როლი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებითაც საკმაოდ დიდია. როცა ბიძინა ივანიშვილმა ლევან მურუსიძეს მსხვერპლი უწოდა, მაშინ ყველა არაკეთილსინდისიერ მოქალაქეს, დეპუტატსა თუ მოხელეს ხელ-ფეხი გაუხსნა და ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი დანაშაულს ახალისებს.
_იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილისა და სხვა პრივილიგირებილი მოსამართლეების მხრიდან ხშირად ისმის ფრაზა _“მე ვარ სასამართლოს ლიდერი“, რაც სასამართლო სისტემაში არსებულ მანკიერ მმართველობით სისტემაზე კარგად მიუთითებს. სამოქალაქო სექტორისა და სხვა პოლიტიკური წრეების მსგავსად, თქვენც ფიქრობთ, რომ სასამართლო სისტემა ასეთი ოდიოზური მოსამართლეებისგან უნდა გათავისუფლდეს ?
_ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს იყო სასამართლო სისტემის ლიდერი. ლიდერის ადგილი პოლიტიკაშია და არა მართლმსაჯულებაში. სასამართლოში მოსამართლის საკუთარი სახელი უნდა ერქვას. ის ადამიანები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან და სახელი აქვთ გატეხილი, სასამართლო სისტემას უნდა ჩამოშორდნენ. ფატი იმის შესახებ, რომ ოდიოზურმა მოსამართლეებმა პარლამენტისგან თვითაცილება მოითხოვეს, მხოლოდ ხრიკია. სასამართლო სისტემის მოდელი პრინციპულად უნდა შეიცვალოს, სხვა შემთხვევაში პრობლემები ვერ გამოსწორდება.