საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა. რეისი კიოლნი-თბილისი რამდენიმე წუთის წინ დაჯდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთელებს დილიდან ქომაგები ელოდებოდნენ. მათ თან აქვთ დროშები, ბანერები, საყვარელი ფეხბურთელების მაისურები. გულშემატკივრებს სურთ პირადად უთხრან მადლობა ფეხბურთელებს და მათგან ავტოგრაფები მიიღონ. საღამოს, 22:00 საათზე კი თავისუფლების მოედანზე ნაკრების დახვედრის მთავრობის მიერ დაანონსებული ღონისძიება გაიმართება.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.