ქვეყნის მოსახლეობის 15.6% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ იმყოფება, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებშია ნათქვამი.
“2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა.
2022 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 20.6 პროცენტს გაუტოლდა. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი ქალაქ-სოფლის მიხედვით, 2010-2022 წლებში.
2022 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 20.4 პროცენტი შეადგინა (-2.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 15.3 პროცენტი (-2.0 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში – 10.5 პროცენტი (-1.4 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით და 15.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 2.1 პროცენტული პუნქტით და 15.8 პროცენტს შეადგენს.
2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა 0.37-დან 0.36-მდე, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0.34-ს”,_ ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.