დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპს დაიწყებს. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა, რომელსაც დებიუტი სწორედ დანიელთა წინააღმდეგ ექნება, მატჩის წინ ისაუბრა:
“ძალიან მძიმე თამაშს ველოდებით ფიზიკური და მოტივირებული გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სურს და ამისთვის იმ ფაქტის გამოყენებას აპირებენ, რომ ისინი ფინელებმა თავიანთ ჯგუფში აირჩიეს. რაც შეგვეხება ჩვენ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. ბოლო რამდენიმე დღეა გუნდი სრული შემადგენლობით ემზადება. ჩვენს საუკეთესო კალათბურთს ნამდვილად ვერ ვაჩვენებთ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს თამაში დადებითი შედეგისთვის საკმარისი იქნება”,_ განაცხადა ჯიკიჩმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ შეხვედრას 23 თებერვალს დანიაში გამართავს, 26-ში კი, თბილისში სერბეთთან მატჩი ელის. საკვალიფიკაციო A ჯგუფში ფინეთის ნაკრებიც თამაშობს. ამ ოთხეულიდან ფინალურ ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გავა, თუმცა, ფინეთი ერთ-ერთი მასპინძელია და ევრობასკეტზე თამაში ისედაც განაღდებული აქვს.