საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ქვეყნის მასშტაბით 1 830 საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართა. შესაბამისად, ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გასტანს. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კანონის თანახმად, თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად – დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში 2 088 722 ამომრჩეველია. ამომრჩევლებს მოემსახურება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე შექმნილია 29 სპეციალური უბანი, რომლებიც მოემსახურება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს. თვითმმართველობის არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ტარდება, რომელზეც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთობლივად იმუშავა.
ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. თუ კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.
არჩევნები წელსაც კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება. ორი ოქტომბრის მსგავსად, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 31 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ისევ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით მისცემენ. შეიქმნა „საარჩევნო პორტალი 2021“, რაც არჩევნების დღესთან დაკავშირებით, მოქალაქეების ინფორმირებას უზრუნველყოფს.