საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება – მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.
ცესკოს მონაცემებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს, საიდანაც ელექტრონულ არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 მოქალაქე მიიღებს. ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა წელს პირველად 135 922 ახალგაზრდას მიეცემა. ცესკოს გადასატანი ყუთის მოთხოვნით 64 238 ამომრჩეველმა მიმართა.
საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე კი, სპეციალურ სიებში, 95 910 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც, ემიგრანტების უპრეცედენტო რაოდენობაა.
ასევე, ცნობილია, რომ ჯამში, საქართველოსა და საზღვარგარეთ 3 111 საარჩევნო უბანი გაიხსნება – აქედან საქართველოში 2 044 იქნება, მათ შორის 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში განთავსდება. საზღვარგარეთ კი 42 ქვეყნის 53 ქალაქში სულ 67 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
დღევანდელ არჩევნებს უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელი დააკვირდება. სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოში უკვე ჩამოვიდა არაერთი საერთაშორისო დელეგაცია. ასევე, საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და ვერავინ ვერასდროს გაიგებს, რა იქნება თქვენი არჩევანი.