საზოგადოებრივი გაერთიანება ” საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” ხვალ საგანგებო ბრიფინგს გამართავს, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას საყდრისის კომიტეტი ავრცელებს.
“როგორც საყდრისის კომიტეტს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შეატყობინეს. კომპანია ” არემჯი გოლდი” 30 აპრილს გეგმავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში “ბნელი ხევის” ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას და უახლოეს ხანში ღია კარიერული წესით ოქროს ამოღების დაწყებას.
სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნისთვის გადაკეტა კომპანიამ სამი დღის წინ “ბნელი ხევის” შესასვლელები და 24 აპრილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც მიმართა წერილით სადაც ღია კარიერული სამუშაოების დაწყების წინ კონსულტაციები მოითხოვა”, _ აცხადებენ საყდრისის კომიტეტში.
კომიტეტის წევრების განმარტებით, “კომპანია, რომელმაც მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო _ საყდრისის კულტურული მემკვიდროების ძეგლი ააფეთქა, ხოლო, დმანისისა და ბოლნისის რაიონებში ეკოციდი მოაწყო, ამჯერად საფრთხეს ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს, ხულუტის ციხეს და “ბნელი ხევის” უნიკალურ ტყის მასივებს შეუქმნის”.
საგანგებო ბრიფინგზე საყდრისის კომიტეტი “ბნელი ხევის” დაცვის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს.
ბრიფინგი ჩატარდება “პრაიმ ტაიმის” პრეს-კლუბში 11.30 სთ.