მას შემდეგ, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება იმის თაობაზე, რომ ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე მოედანს გურული მხედრების სახელი მიენიჭოს, ჯერი მონუმენტის დადგმაზეა.
ინიციატივა ელექტრონული პეტიციის სახით, მწერლისა და რეჟისორის, ირაკლი მახარაძის ავტორობით დარეგისტრირდა საკრებულოში და მოსახლეობის ნაწილმა ხელმოწერებით გამოხატა ნება, რომ ლანჩხუთში (საიდანაც გურული მხედრების უმეტესობა იყო), მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ მდებარე მოედანს ეწოდოს გურული მოჯირითეების სახელი და აქვე დაიდგას ბრინჯაოს კომპოზიცია.
თუ საკრებულოს ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, რომელიც საკრებულოს სხდომაზე პეტიციის ავტორის გამოსვლას მოიცავს, გურული მოჯირითეების ქანდაკების მაკეტი უკვე მზადყოფნაშია:
“შემდეგი ნაბიჯი იქნება მოედანზე მონუმენტის დადგმა. ქანდაკების მაკეტი უკვე მზადაა. ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და მოიზიდავს უამრავ დამთვალიერებელს. განსაკუთრებით, უცხოელ ვიზიტორებს დააინტერესებთ მხედრების ისტორია. ლანჩხუთელებმა პირველებმა გაჭრეს ფანჯარა დასავლეთში და ეს არის უძველესი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დადასტურებული ისტორია”, _ ვკითხულობთ საკრებულოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საკრებულოს გვერდზე გაჟღერებულ გურულ მხედრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მოწონებები და საქებარი კომენტარები მრავლად ახლავს: “მივესალმებით ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, ეს ძეგლი, რომლის კვარცხლბეკზეც გაკეთდება წარწერა ქართულ-ინგლისურად გურული მოჯირითეების ისტორიის, მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ჩვენი ქალაქისათვის”.
იდეა, რომ კარგია ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა, ზოგიერთისთვის ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია ბუნდოვანი, რომელიც საკრებულოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონთან შესაბამისობაში ვერ მოდის. კერძოდ, როცა საუბარია რაიმე ქანდაკების დადგმაზე, საამისოდ სპეციალური კომისიის შექმნაა სავალდებულო, რომელმაც საუკეთესო ნამუშევარი უნდა შეარჩიოს. სწორედ ამ კუთხით აჟღერებს კითხვას წინა მოწვევის საკრებულოს იურიდიული კომისიის ხელმძღვანელი რომან ბიწაძე: “რას ნიშნავს ქანდაკების მაკეტი მზადაა? კანონის თანახმად, კონკურსი უნდა გამოცხადდეს, კონკურსანტთა ნამუშევრების საჯარო განხილვა უნდა მოხდეს და ა. შ.”
ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილ ბუნდოვანებაში გასარკვევად “გურია ნიუსი” ლანჩხუთის მერიაში შეეცადა:
“როგორც ცნობილია, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე მოედანს გურული მხედრების სახელი მიენიჭა. აქვე განვმარტავთ, რომ ერთ-ერთმა ავტორმა საკუთარი იდეა შემოგვთავაზა და გაგვაცნო. საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერია გამოაცხადებს კონკურსს, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც კონკურსში გამარჯვებულს გამოავლენს”, _ განმარტავენ მერიაში.