ოზურგეთის საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის სარვამარტო დანამატის გაცემა ვერ მოხდება, _ ამის შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, იყო სურვილი ბაღის თანამშრომლებისთვის მიეცათ დანამატი, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა:
“როგორც ვიცი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს, რომ მოხდეს ბაღის თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატება. იმედია, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება”, _ გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ.
“ბევრ ჩემს კოლეგას ტკივა გული და აქვს სათქმელი, მაგრამ ყველას სამსახურის დაკარგვის ეშინია. დაგვპირდნენ, რომ 8 მარტს დაგვირიგებდნენ დანამატს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ისედაც მწირი ხელფასი გვაქვს და რა იქნებოდა, რომ დანამატი მოეცათ?! თუ ასე უჭირს ადგილობრივ მთავრობას, მაშინ თვითონაც ნუ ირიგებენ ამ დანამატებს!” _ გვითხრა ბაღის რამდენიმე თანამშრომელმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ “გურია ნიუსთან” გასულ კვირას დანამატის გაცემასთან დაკავშირებით შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:
“როდესაც დაიგეგმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ბაღებისთვის, დანამატების თანხა არ იყო გათვალისწინებული. გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ არის მიღებული და განხილვის პროცესშია. არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და არც ბაღების გაერთიანების დირექცია ამ დანამატების გაცემის წინააღმდეგი არ ვართ. უბრალოდ, საუბარია თანხების მოძიებაზე. კარგად ვიცით, რომ არ არის ის ხელფასი საკმარისი, რასაც ბაღების თანამშრომლები იღებენ. ჩვენ გვინდა ხელფასების მომატება და ვნახოთ, რა მოხდება”, _ გვითხრა ჭყონიამ.
სარვამარტოდ დანამატის გაცემასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2018 წლის 26 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე იყო საუბარი. ამ სხდომაზე იმსჯელეს ბაღის პერსონალისთვის ხელფასების მატებასა და საახალწლოდ დანამატების გაცემაზეც. რეპლიკის სახით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ თქვა, რომ სარვამარტოდ გაცემულიყო დანამატი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლელა საჯაიამ კი აღნიშნა, რომ პრემია სარვამარტოდ ან სააღდგომოდ დარიგებულიყო.
2019 წლის მარტში კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივა გაახმოვანა “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, ტარიელ აროშიძემ:
“საკრებულოს ინიციატივაა და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის, 8 მარტთან დაკავშირებით წახალისებისთვის გამოიძებნოს გზები”, _ აღნიშნა ტარიელ აროშიძემ.
ფაქტია, რომ ბაღის თანამშრომელთათვის წახალისების გზები ამ ეტაპზე ვერ ან არ გამოიძებნა.