თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 ნოემბრის საღამოს და 29 ნოემბრის გამთენიისას დარბევის დროს დაკავებული 47 აქტივისტიდან, 23-ის პროცესი დღეს იმართება.
უფლებადამცველების განცხადებით, მათ პროცესის ჩანიშვნის შესახებ გვიან გააგებინეს, რის გამოც ისინი მოსამართლესთან პროცესის გადადების შესახებ შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ. ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულთა უმეტესობას სახისა და სხეულის არეში დაზიანებები აღენიშნებათ.
“ჩვენ როგორც ვიცით, ათეულობით ადამიანია სასამართლოში გადმოყვანილი. ჩვენთვის არავის არაფერი არ უთქვამს, პირიქით ჩვენით მაქსიმალურად ვცადეთ, მოგვეძიებინა ინფორმაცია და მოვედით.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაკავებულებს წინასწარი დაკავების 24 საათიანი ვადა ამოწურული ჰქონდათ და გაუგრძელდათ 48 საათამდე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მაგრამ დღეს გადმოიყვანეს მაინც სასამართლოში. გადმოიყვანეს მარტო იმიტომ, რომ წუხანდელი დაკავებულებისთვის ადგილები აღარ ჰქონდათ იზოლატორში.
ის თუ ადამიანი იზოლატორში რამდენ ხანს გაატარებს, წყდება არა იმით, თუ სამართლებრივად რამდენად დასაბუთებული და აუცილებელია იქ ყოფნა, არამედ იმით იზოლატორში რამდენად არის ადგილი.
ეს პროცესი არის აბსოლუტურად არაორგანიზებული, ქაოსური და ამ ქაოსურ მდგომარეობაში გვიწევს, რომ მაქსიმალურად მიიღონ დაკავებულებმა სამართლებრივი დახმარება.
დაკავებულთა უმეტეს ნაწილს აქვს ფიზიკური დაზიანებები. მათ დაზიანებები აღენიშნებათ სხეულის და სახის არეში,” – განაცხადა უფლებადამცველმა.
სასამართლო პროცესს მოწმეების სახით ესწრებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას და უარს აცხადებს ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტების მიღებაზე. აღნიშნულ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. 2 ღამეა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, რომელსაც საპოლიციო ძალები სასტიკი მეთოდებით შლიან. დაშავებული და დაკავებულია ასზე მეტი ადამიანი. დაზიანებები მიიღო მედიის ათეულობით წარმომადგენელმა, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა სერიოზულია.
მთავარიტვ