გირაოს თანხის ჩარიცხვის შემდეგ, პროკურატურის შუამდგომლობით მიმართვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას ნიკა მელია რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში ელოდა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებას მალე დატოვებს.
პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა.
პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა. იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.
7 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.
თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.