ხალხში გავრცელებულია გამოთქმა, რომ შობა-ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელს ისე გაატარებო. ამ სადღესასწაულო დღეებისათვის მართლაც რომ განსაკუთრებულად ვემზადებით და მის დადგომას ყოველთვის მომავალ სასიკეთო ცვლილებებს ვუკავშირებთ.
ხვალ შობის დღესასწაულს ვიზეიმებთ, ერთი კვირის შემდეგ კი ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ.
გასული წლის 31 დეკემბერს მრავალი ჩვენთაგანი სხვადასხვა მიზეზის გამო „შესაფერისად“ ვერ მოემზადა. საბედნიეროდ ამ „შეცდომის“ გამოსწორების შესაძლებლობა დღეს და ერთი კვირის შემდეგ კვლავ გააჩნიათ და დღევანდელი წერილი ამ მიზანს ემსახურება.
შობა-ახალი წლის წინ ფსიქოლოგები და პარაფსიქოლოგები რამდენიმე განსაკუთრებულ რჩევას გვთავაზობენ.
უპირველეს რიგში საჭიროა, რომ საკუთარი ბინა გავაკრიალოთ. ბინა ძველი ცოცხით უნდა დავგავოთ. შუადღისას ცოცხი სახლიდან რაც შეიძლება შორს უნდა გადავაგდოთ, მისი შემცვლელი კი შესასვლელ კართან, კუთხეში მოვათავსოთ. ეს იმიტომ კეთდება, რომ ოჯახში ფული შემოვიდეს.
საახალწლო ან საშობაო სუფრას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. აუცილებელი ატრიბუტი თხილი და თაფლია, რომლებსაც ოჯახისათვის ბარაქა და სიმდიდრე მოაქვს. ასევე მისასალმებელია, თუ სუფრაზე დააწყობთ ფორთოხალს. ფორთოხალი ჩინელებისათვის მატერიალური უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.
ყურადღებით შეარჩიეთ სათანადო მეკვლე. თუ პირველი სტუმარი წარმატებული ადამიანი აღმოჩნდება, თქვენს ოჯახს მთელი წელი წინ სვლა გარანტირებული ექნება.
პარაფსიქოლოგები კატეგორიულად გვიკრძალავენ ახლობელ-მეგობრებისათვის ალკოჰოლური სასმელების ჩუქებას. ამ სახის საჩუქარი თურმე ოჯახის წევრ მამაკაცებზე უარყოფითად მოქმედებს და ერთგვარი ჯადოს ფუნქციასაც ასრულებს.
პირველი იანვრისთვის, შობისთვის ან ძველით ახალი წლისთვის მრავალ ტკბილეულობას ვამზადებთ. მაინც შეეცადეთ, რომ სუფრა საკუთარი ხელით გამომცხვარი თაფლაკვერებით გაამდიდროთ, რადგან ეს კულინარიული ნაწარმი მთელი წლის განმავლობაში ბოროტი ძალების გავლენისაგან დაგიცავთ.
ახლობლებისთვის საჩუქრების შეძენა ჯერ კიდევ დაგვიანებული არ არის. ჩვენს ქვეყანაში მრავალი სუპერმარკეტი და ფეშენებელური მაღაზიაა, რომლებიც საახალწლოდ საჩუქრების დიდ არჩევანს გვთავაზობენ. თუ ახალი წლისათვის საჩუქრის შეძენა გამოგრჩათ ამ დანაშაულის გამოსყიდვა დღეს ან ძველით ახალი წლის წინ შეგიძლიათ.
ავტორი