ფრანგი ლამაზმანი ოდრი ტოტუ ყოველთვის უჩვეულო მოკრძალებით გამოირჩევა. კათოლიკურ შობას აუცილებლად ოჯახურ წრეში ხვდება. მართლმადიდებლურ დღესასწაულზე კი პარიზში მცხოვრებ რუს მეგობრებთან სტუმრობს.
ცნობილი ამერიკელი მსახიობი სალმა ჰაიეკი შობის დღესასწაულის წინ ისტორიულ სამშობლოში ჩადის და ზეიმის დღეებში მრავალრიცხოვანი მექსიკელი ნათესავების ხმაურიან საზოგადოებაში ყოფნას ამჯობინებს.
ქალბატონი სალმას უახლოესი მეგობარი ჯენიფერ ლოპესი კი შობის დღეებში ნიუ-იორკში, თავის მშობლიურ რაიონს – ბრონკსს სტუმრობს და იქაურ უსახლკაროებს საჭმელსა და ტანსაცმელს ურიგებს. კინომსახიობი მათ იმპროვიზებული კონცერტითაც აჯილდოვებს.
არნოლდ შვარცენეგერი საშობაო არდადეგებს თავის სამშობლოში, ავსტრიაში ატარებს. გულს იჯერებს ნათესავებთან და ბავშვობის მეგობრებთან ურთიერთობით, თხილამურებზე სრიალით. კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს ძალიან უყვარს ახლობელთა წრეში ქეიფისას მწვადების შეწვა. ალბათ გაგიკვირდებათ და საშობაო ზეიმის დასრულების შემდეგ ხანგრძლივად და გულმოდგინედ რეცხავს ჭურჭელს!