საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ გაჩერებებზე საინფორმაციო სტიკერები განთავსდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ეს ის ლოკაციებია, სადაც გაჩერების აღმნიშვნელი საგზაო ნიშანი დგას და არ არის განთავსებული საინფორმაციო ელექტრონული ტაბლო.
„გარდა ამისა, სტიკერები განთავსდა იქ, სადაც გაჩერება გაუქმებულია ან გადატანილია სხვა მისამართზე, ასევე, მითითებულ ქუჩებზე/გამზირებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაჩერება დროებით აღებულია ან მოსალოდნელია მათი გადანაცვლება.
სტიკერებზე დატანილია QR კოდი, გაჩერებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების ნომრები. მგზავრებს შეუძლიათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი ტრანსპორტის მოსვლის დრო გაიგონ გაჩერების ID-ის გაგზავნით ნომერზე: 93344.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს განახლდა მგზავრთა მომსახურების საინფორმაციო ვებგვერდი – ttc.com.ge და აპლიკაცია (TTC). განახლებული ვიზუალითა და და ფუნქციონალით, შესაძლებელია მგზავრობის დაგეგმვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალურ დროში გადაადგილების გადამოწმება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.