საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2009 წლიდან, განისაზღვრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანი და დაფინანსების მოცულობა. მისი მიზანი, სოფლის პირველი რიგის ეკონომიკურ-სოციალურ პრობლემათა გადაჭრა, თვითმმართველობის გახორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა, მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესება, თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება იყო.
პროგრამის დაფინანსების წყაროდ სახელმწიფო ბიუჯეტი განისაზღვრა, ასევე, დამატებით, შესაძლებელი გახდა პროექტების დაფინანსება საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სახსრებით. პროგრამის მოცულობა, 2009-11 წლებში 40 მლნ ლარი იყო, შემდეგ კი 50 მლნ ლარამდე გაიზარდა. ეს თანხა, ძირითადად, სოფლის სულადობის მიხედვით ნაწილდებოდა. (იხ. ბმული).
წინა ხელისუფლების დროს, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც მიუთითებდა, რომ პროგრამისთვის განკუთვნილი სახსრები საარჩევნო რესურსად და მომხრეების “დასაპურებლად” გამოიყენებოდა. საარჩევნო “საქანელა” _ გზის დაგების ნაცვლად, ხმების მობილიზება, ბევრ იმდროინდელ ანგარიშში ფიქსირდება. ასევე, სტატისტიკა აჩვენებდა, რომ საარჩევნო წლებში პროგრამა და ზოგადად, რეგიონებში დასახარჯი სახსრები ყოველთვის იზრდებოდა. სპეციალისტები მიუთითებდნენ, რომ ხშირად, ფული არამიზნობრივად, არაეფექტურად იხარჯებოდა. ყურადღებას ამახვილებდნენ შესრულებული სამუშაოების უხარისხობაზეც.
იმის მიუხედავად, რომ ამგვარი პროგრამები სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენდა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2017 წელს გაუქმდა. 2019 წელს კი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პროგრამის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. პროგრამა აღდგა როგორც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილი _ ე.წ. ქვეკომპონენტი.
პროგრამის ღირებულება 40 მლნ ლარით განისაზღვრა. იგივე დარჩა პროგრამული პრიორიტეტების შერჩევის მექანიზმიც _ სოფლის მოსახლეობა თავად უნდა წყვეტდეს, თუ რაა სოფლისთვის სასიცოცხლოდ და გადაუდებლად მნიშვნელოვანი. სოფლის საერთო კრებებზე თავად მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ადგენს, რა სჭირდება სოფელს და რაში უნდა დაიხარჯოს თანხა.
თუმცა ეს საჭიროებები განუსაზღვრელი არ არის: მერიების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულია ჩამონათვალი, თუ რა მიმართულების უნდა იყოს გასახორციელებელი პროექტები: სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.); სარწყავი სისტემები; სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები და გზისპირა მოსაცდელები; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა; გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
ჩვენ მომდევნო სტატიებში მოგითხრობთ, თუ როგორ ხდება ამ პროგრამისთვის პრიორიტეტების შერჩევა, რას ითხოვს ხალხი და როგორია სოფლის მხარდამჭერი პროგრამის “ანატომია” ადგილებზე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ატვირთული ოქმების გაცნობისას, თვალში საცემია, რომ მოსახლეობა ყველა სოფელში ერთს _ ბეტონის გზისთვის მასალების შეძენას ითხოვს. ამ ბეტონის გზის პარამეტრები სტანდარტულია _ სამი მეტრის სიგანის, შესაბამისი კილომეტრაჟის, რომელიც შიდა გზებზე, სხვადასხვა სირთულის აღმართებზე იგება.
2024 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები, ოზურგეთში ახლა საწყის ეტაპზეა. 2023 წელს კი, პროგრამა რეგიონული ფონდიდან 1 მილიონ 86 ათასი ლარით დაფინანსდა. იგივე რაოდენობის თანხა კი, განსაზღვრული წესის თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაემატა.
_ ასეა წელსაც, იგივე რაოდენობით არის დაფინანსებული. უკვე დაწყებულია მუშაობა და ვიმედოვნებ, კიდევ უფრო უკეთ შესრულდება სამუშაოები, ვიდრე გასულ წელს, _ ამბობს ჩვენთან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოჩა აბაშმაძე.
როგორც კრებების ოქმებიდან ირკვევა, თებერვალში ყველა სოფლის თემში ჩატარდა საერთო კრება. თვალში საცემია ერთი გარემოება _ კრებებში მონაწილე მოსული ხალხის სიმცირე.
_ ჩვენ ყველას ვატყობინებთ, ვაფრთხილებთ; თუმცა, ბევრი არ მოდის. მერე კი საყვედურებიც ისმის, რომ კრება ჩატარდა და მავანს არ შეატყობინეს, მის დაუსწრებლად გადაწყვიტეს ესა თუ ის საკითხი, რაც არასწორია, _ ამბობენ ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოფლებში.
2024 წლის თებერვალში, სოფლებში: ნაგომარში, ასკანაში, ძიმითში, მთისპირში, შემოქმედში, ბოხვაურში, მაკვანეთში, წითელმთაში კრებები ჩატარებული კრების ოქმში დაფიქსირებულია, რომ თითოეული ამ სოფლის მცხოვრებთა სურვილია, შიდა გზებზე ბეტონის საფარის დაგება.
_ თქვენ არაერთხელ ყოფილხართ ჩვენს სოფელში. სოფელ მერიის თემია, საკმაოდ რთული რელიეფისაა. ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, “ლაშეს აღმართს” ეძახიან. ადრეც და ახლაც ხრეში კი დაყარეს, თუმცა, წყალს და ნიაღვარს ყოველ გაწვიმებაზე მიაქვს. ჩვენს უბნამდე აღმართია, იგი “რუსიეშვილების დასახლებიდან” იწყება, სულ 50 მეტრამდე იქნება. იქ, დასაწყისში ჯერ არხია გასაკეთებელი. თუ წყალგამტარი მცირე გვირაბი არ გაკეთდა, ისე წყალში გადაყრილი იქნება ფული, როგორი კარგი გზაც უნდა დააგონ. რელიეფია ცუდი, აღმართია, მოსახვევებია. რა თქმა უნდა, დაგვპირდნენ, რომ გაკეთდება, თუმცა ჯერ ისევ ისეა, როგორც იყო. ბევრია ასეთი რთული რელიეფის მქონე უბნები ჩვენს თემში, თუმცა, “გოგორეთი” მაინც გამორჩეულია ამ მხრივ. ამიტომ, ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული _ მხოლოდ ბეტონის საფარი არ კმარა, მანამდეა სხვა სამუშაოები ჩასატარებელი, _ ამბობს სოფელ მერიის მკვიდრი, მზევინარ ღლონტი. ის “გოგორეთის უბნის” მცხოვრებია. მას და მის მეზობლებს ციტრუსის დიდი ბაღები აქვთ და სხვა პრობლემების გარდა, როგორც თავად ამბობენ, უგზოობა ყველაზე მეტ პრობლემებს უქმნით.
_ ჩვენს სოფელში, ნაგომარში გაკეთდა ბეტონის საფარიანი გზები. ბოლო წლებში სულ ასე კეთდება. ეს კი არის კარგი, მაგრამ ნაგომარს წყლის ისეთი პრობლემა აქვს, ალბათ, არც ერთ სოფელში არაა ასეთი გასაჭირი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გზის გაკეთება კარგია, მაგრამ, წყალია უპირველესი. ამიტომ, მე პირადად და ასევე ჩემი ბევრი მეზობელი ჯერ წყლის გაკეთებას ვითხოვთ, _ ამბობს სოფელ ნაგომრის მცხოვრები მარი ჭეიშვილი.
სოფლებში ჩატარებული კრებების ოქმებიდან ჩანს, რომ სოფელში, სადაც 800 და მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს, კრების მუშაობაში 25, მაქსიმუმ, 30 პირი მონაწილეობს.
ბეტონის გზისთვის მასალების მოთხოვნა, მხოლოდ წლევანდელი “ტრენდი” არაა; მაგალითად, 2023 წელს, 31 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში შედგა კრება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. 1093 ამომრჩევლიდან, სულ 41 ადამიანი შეიკრიბა. ამ კრებაზე ოთხ საპროექტო წინადადებას დაუჭირეს მხარი და აქედან სამი მათგანი ბეტონის საფარის დაგებას ეხებოდა, მეოთხე კი _ გარე განათების მოწყობას. ახლა ვნახოთ, რა ხდება ერთი წლის შემდეგ, 2024 წელს გამართულ კრებაზე, იგივე სოფელ ასკანაში, იგივე სახის კრებაზე. 987 ამომრჩევლიდან გამოცხადდა 26 ადამიანი! კენჭი უყარეს სამ საპროექტო წინადადებას და სამივე ბეტონის საფარის მოწყობას შეეხებოდა, სოფლის შიდა გზებზე.
ასეთივე ან თითქმის მსგავსია ყველა სოფლის პრიორიტეტი _ გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა. ამ გადაწყვეტილებას კი მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობა იღებს.
_ ჩვენ სულ ვაფრთხილებთ ხალხს, ვურეკავთ, ვთხოვთ მოსვლას. მერე კი, კრებაზე ვინც მოდის, მათი შემადგენლობით ტარდება საკითხების განხილვა. გამოცხადებულთა სრული შემადგენლობა კი იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, თუმცა, ვინც არ მოდის, მერე ისინი ლაპარაკობენ ყველაზე მეტად, რომ მათ არ ეკითხებიან არაფერს! ძალით როგორ მოიყვან ადამიანს, თავად ხომ უნდა აინტერესებდეს?! _ გვეუბნება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელში.
ჭანიეთის თემში, სადაც სოფელი ქაქუთიც შედის, გასულ წელს 800 მეტრი სიგრძის ბეტონის გზა დაიგო, სხვადასხვა უბანში. წინა წლებში სხვა სახის სამუშაოებიც ჩატარდა. როგორც გამგებელი გვეუბნება, ცოტათი მეტია დაგეგმილი 2024 წლის პროგრამით. ადგილობრივები ითხოვენ, ბეტონის საფარის გარდა, სხვა სახის სამუშაოებიც შესრულდეს.
მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ზაზა სალუქვაძე ამბობს, რომ გასულ 2023 წელს სოფელში სულ 800 მეტრამდე სიგრძის ბეტონის გზა დაიგო _ უმეტესად, რთულ უბნებზე:
_ ჩვენს სოფელში 2023 წელს, ოთხ ბრიგადაში (უბანში) 800 მეტრი სიგრძის გზა დაიგო. ეს საკითხი კრებაზე გადაწყდა და შეირჩა ის რთული უბნები, სადაც ყველაზე მეტად იყო აღმართი ან პირიქით, დაღმართი და ასევე, გზები იყო დაზიანებული. მაგალითად, სოფლის ბოლო წერტილია მალაზონიების ოჯახი, სოფელ ქაქუთში.
მარტო, ტყის განაპირას ცხოვრობს. პირველ ბრიგადას ეკუთვნის ეს უბანი. ასევე დაიგო დაღმართზე, გია ლომჯარიას საკარმიდამოსთან. აქაც ერთი ოჯახი ცხოვრობს, თუმცა, ძალზე რთული მონაკვეთია. ჭანიეთში, ცინცაძეების უბანში, მეხუთე ბრიგადად წოდებულ უბანში ასევე დაიგო ბეტონის გზა. მესამე ბრიგადაში საკმაოდ რთულ აღმართში, სადაც ათამდე ოჯახი ცხოვრობს, დაიგო ბეტონის საფარის გზა, _ გვითხრა ზაზა სალუქვაძემ.
კითხვაზე, თუ როგორ ხდება გზის დაგება, ზაზა სალუქვაძემ გვითხრა, რომ ამ მხრივ უსასყიდლოდ იმუშავეს სოფლის მცხოვრებლებმა, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს:
_ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სერიოზული წვლილი შეიტანეს ამ საქმეში. თითონ ბეტონის მასა მოგვაწოდეს ოზურგეთიდან, შესაბამისი კომპანიიდან, ვინც ტენდერში იყო გამარჯვებული. აქ კი, ადგილზე, ხალხმა, ადგილობრივებმა იმუშავეს, ამ მხრივ და ასეთ დროს ჩვენი სოფელი ძალზე ერთსულოვანია, _ ამბობს სალუქვაძე.
რაც შეეხება 2024 წლის მხარდაჭერის პროგრამას, ზაზა სალუქვაძემ გვითხრა, რომ თითქმის იგივე ბიუჯეტითაა განსაზღვრული: ცენტრალური ბიუჯეტიდან, რეგიონული ფონდიდან 38 ათასი ლარით იყო დაფინანსებული, ხოლო მუნიციპალიტეტი ამდენივე რაოდენობის თანხით თანადაფინანსებით მონაწილეობს: _ სულ ეს იქნება, თითქმის, 76 ათას ლარამდე, _ გვითხრა მან.
2024 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული კრება, ჭანიეთში 14 თებერვალს ჩატარდა და გადაწყდა, სოფელში სამ მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება.
ზაზა სალუქვაძემ გვითხრა, რომ დაწყებულია დამჭერი მავთულბადეების შემოტანა და მალე სამუშაოების შესრულება დაიწყება სამივე მონაკვეთზე: _ რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად, _ ამბობს ის.
სოფელ ჭანიეთში, ადგილობრივები ხშირად გამოთქვამენ საყვედურს, შეუღობავი საყანე ფართობების გამო.
_ ვერ ვახერხებთ დამოუკიდებლად შემოღობვას და რა ვქნათ?! ბეტონის საფარის გარდა, სხვა საჭიროებაცაა… ყანების შემოღობვა გვჭირდება. ისე ძვირია კბილანებიანი მავთული და ზოგადად შესაღობი მასალა, ვერ ვყიდულობთ. უკვე მთელი სოფელი უყანოდ არის დარჩენილი. პირველად, პრივატიზაციის დროს რომ ხალხს მიწები მიუზომეს, მაშინ შემოიღობა. მერე ღობეების შეკეთება ხდებოდა, თუმცა, ამდენი ხნის მანძილზე გაფუჭდა, დალპა მესერი, მავთულიც დაიჟანგა და ჩამოიშალა. ნაწილობრივ მაინც რომ მოხდებოდეს დახმარება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ცოტას ჩვენც შევძლებდით და მოვახერხებდით შემოღობვას. ყანა ვერ დაგვითესია. შემოღობილი რომ გვქონდეს, დახვნა-დათესვაც ძალზე ძვირია, მაგრამ რაღაცას მოვახერხებდით, _ ამბობენ ადგილობრივები.
სერგო ბოიაჯანი, სოფელ ჭანიეთის მკვიდრი:
_ გზები აუცილებელია სოფელში. ბევრგან გაკეთდა და კარგია, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა გაკეთდეს იქ, სადაც აუცილებელია: ქაქუთის სასაფლაოს გზა დაუმთავრებელია; ბერაძეების უბნის გზაც დაუმთავრებელია. სახლში ვერ დადის ხალხი. ბეტონია დასაგები იქეთ მხარეს სადაც ათი ოჯახია. ხიდი გაკეთდა გაღმა-გამოღმა მხარეებს შორის, მაგრამ გზა, რომელიც ამ ხიდამდე მიდის და მერე იმის იქეთ, წითელმიწაა. რომ იტყვიან, თავიანად დაგეგმილი რომ ყოფილიყო, იმ გზაზე ხრეშს მაინც დაყრიდნენ. კარგია, რომ ხიდი გაკეთდა, მაგრამ გზაზე, როგორც კი გაწვიმდება, ეს წითელი ტალახი იზილება. ყველაზე მთავარი _ 90 ოჯახია ქაქუთში და 20 წელზე მეტია, მათი 11 ჰექტარი საყანე ფართობი დაუთესავია. ცოტათი რომ მოგვეხმარონ, რომ მავთული ვიყიდოთ, ჩვენთვის დიდი დახმარება იქნება. იყიდება ეს საყანე ფართობები, გატყიურდა ყველაფერი. სიმინდი გვენატრება უკვე. მოდიან ვიღაცეები სოფლის მეურნეობის პროგრამების გრანტებით, ყიდულობენ ამ მიწებს, იყიდება ფართობები ძალიან იაფად და სოფელი კი დარჩა მშიერი, _ ამბობს სერგო ბოიაჯანი.
ჭანიეთის მესამე ბრიგადაში, გზის ერთკილომეტრიანი მონაკვეთი, რომლითაც თითქმის ნახევარი სოფელი სარგებლობს ბათუმის ცენტრალურ ტრასაზე გასასვლელად, უკვე მთლიანად ამორტიზირებულია:
_ პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ბევრგან დაიგო სოფელში ბეტონის საფარი და ნამდვილად კარგია. თუმცა, ბევრია გასაკეთებელი. ამ გზით უამრავი ადამიანი სარგებლობს, რადგან მოკლე მანძილია და მოხერხებულია ცენტრალურ ტრასამდე გასასვლელად. აქვე გაშენებულია მოცვის პლანტაცია. მოვიდა ბიზნესმენი და ხალხი დაასაქმა, მაგრამ ამ ხალხმა ხომ უნდა იაროს ამ გზაზე?! ამ გზიდან გადადიან იქვე არსებულ სასაფლაოზე. ყველაზე მეტად საჩქაროა ამ გზის გაკეთება და კი დაგვპირდნენ, თუმცა დღემდე ველოდებით გაკეთებას, _ ამბობენ ადგილობრივები ჯუმბერ სურგულაძე, შალვა მამალაძე, ნუგზარ ანთიძე და სხვები.
_ მესამე ბრიგადაში, ბათუმის ცენტრალურ ტრასამდე გადასასვლელი გზა მართლაც დატვირთულია სულ _ ყველაზე მოკლე გზაა სოფლის ორივე მხრიდან, ცენტრალურ გზაზე გასასვლელად. ვიცით ამ პრობლემის შესახებ და ჩვენივე მითითებით განცხადებაც კი შემოიტანეს, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე ჩაბარებული გვაქვს. მომდევნო წელს, დიდი ალბათობით, გაკეთდება. შესაძლოა, უფრო ადრეც გაკეთდეს, თუ სხვა სახის დახმარება გამოიძებნა, _ ამბობს ზაზა სალუქვაძე.
2023 წლის შედეგების და 2024 წლის პროგრამის გახორციელების შესახებ, ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, გიორგი ღურჯუმელიძეს ვთხოვეთ ესაუბრა; მკითხველებისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება, წესით, ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს. ბატონი გიორგი შეგვპირდა, თუმცა, შემდეგ არაერთგზის შეხსენების მიუხედავად, არც სატელეფონო ზარზე გვიპასუხა და არც პრესსამსახურის მეშვეობით არ მოგვაწოდა კომენტარი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ, საკუთარი მოსაზრება აქვთ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.
ბესო ქათამაძე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი სოფელ ნასაკირალიდან:
_ წინა ხელისუფლებიდან თუ რამ კარგი გაგრძელდა, არის ეს პროგრამა. მართალია , 2016 წელს შეჩერდა, მაგრამ შემდეგ გაგრძელდა და კარგია. ეს არის ერთადერთი პროგრამა,რომლის ფარგლებში მოსახლეობა, ასე თუ ისე, თავად წყვეტს რა სურს გააკეთოს. მაგალითად, ნასაკირალში, წინა წლებში, სასაფლაო შეიღობა. ასევე, სოფელში მოეწყო გარე განათება და გაკეთდა ფანჩატური. შარშან ბეტონის გზა დაიგო. ხალხი როცა წყვეტს, “ქართული ოცნება” ამ კრებებზე მხოლოდ თავის ამომრჩეველს თუ კოორდინატორებს იბარებს და ეს არის ცუდი _ ყველა უნდა იყოს კრებაზე.
_ მცირერიცხოვანი კი არის კრებები, მაგრამ ფაქტობრივი მტკიცბულებები არ გვაქვს, რომ მხოლოდ “ოცნების” მომხრეებს იბარებენ. მე პირადად ბევრს ვუთხარი, დასწრებოდნენ, თუმცა, კრებაზე არ მოვიდნენ…
_ ძალიან კარგია, რომ უთხარით, სამოქალაქო აქტივობაა. თუმცა, მაინც ცოტა ხალხი დადის. ამ პროგრამის ღირსება და შინაარსი ის არის, რომ მთელმა სოფელმა უნდა მოიყაროს თავი. უნდა გამოითქვას განსხვავებული აზრები. მერე ეს ყველაფერი ოქმში ფიქსირდება. ანუ, მაინც გვაქვს ისეთი შესაძლებლობა, რომ ხალხი თავად ირჩევს და წყვეტს, რა სურს გააკეთოს.
დავით მჟავანაძე, ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი:
_ დავიწყებ იმით, რომ ბუნებრივია, კარგია, როცა რაღაც კეთდება. მთავარი კი არის მოქალაქეთა ჩართულობა. გვახსოვს, ხომ ადრე დიდი მოცულობის კრებები ტარდებოდა, იყო აზრთა სხვადასხვაობა. “ოცნებამ” მოკლა ეს ჩართულობა და მხოლოდ თავის ამომრჩეველს იბარებს.
_ ამბობენ, რომ აფრთხილებენ ყველას და მოქალაქეები მაინც არ მოდიან კრებაზე; ამას როგორ ახსნით?
_ “ქართულმა ოცნებამ” მაინც თავის პროპაგანდას მოარგო ამ კრებებზე დასწრება. ბეტონის გზებს რომ გვამადლიან, ბიძინას დაპირებული იმ 5 მილიონით დააგონ ბეტონის გზები და ამ თანხით სხვა რამე გავაკეთოთ! ჩვენ სულ ვახდენთ პრობლემების იდენტიფიცირებას, მერე ვკრებთ ამას და მიგვაქვს მუნიციპალიტეტის მერთან.
_ მაგალითად, როგორც ჭანიეთში მცხოვრებმა, რა განაცხადი მიიტანეთ, სოფლის რომელ პრობლემაზე?
_ დიახ, მივიტანეთ. ჭანიეთის მოსახლეობა ითხოვდა და ითხოვს სოფლის სასაფლაოს შემოღობვას, რომელიც პირუტყვის სათარეშოდ არის ქცეული. ადრე, არაერთხელ გავწმინდეთ, 2011 წელს, სოფლის პროგრამით შევღობეთ და დავასუფთავეთ, თუმცა, დღეს ისევ საჭიროა შემოღობვა. სასაფლაოს განსაკუთრებული პატივისცემა სჭირდება. ჩემი აზრი ასეთია _ მთავარი ამოცანა ამ პროგრამისა არის ის, რომ მოხდეს ხალხის მაქსიმალური ჩართულობა, იყოს მაღალი აქტივობა. თორემ, ხელისუფლება ისეც აკეთებს და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს. ბეტონის გზები ძალიან კარგია, მაგრამ ამ პროექტის მთავარი მიზანი უნდა იყოს მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობა და მაღალი აქტივობა.
გარდა მოსახლეობის ინერტულობისა, პროგრამის მნიშვნელოვანი ხარვეზი 2019 წლიდან მიღებული გადაწყვეტილებაა: თუ 2017 წლამდე პროგრამის თითოეულ პროექტზე აუცილებლად უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი, ხოლო გამარტივებული შესყიდვა გამოიყენებოდა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, 2019 წლიდან ყველა პროექტი პირდაპირ გამარტივებული შესყიდვით ხორციელდება.
თუ რა საფრთხეებს შეიცავს ხარჯების ამგვარი განკარგვა, მომდევნო სტატიაში მოგიყვებით.
მარინა ჩიხლაძე,
ლისა კოროშინაძე