ყოველ წელს დიზაინერები ან უბრალო ენთუზიასტები ნაძვის ხის ახალ-ახალ ვარიანტებს ქმნიან. ზოგს ცარიელი საკონსერვო ქილები შთააგონებს მთავარი საახალწლო ატრიბუტის შექმნას, ზოგსაც ბრილიანტები, ან სულაც კარტოფილი. ამ თვალსაზრისით არც ეს ახალი წელი ყოფილა გამონაკლისი. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ორიგინალური ნაძვის ხეები კვლავ გამოფინეს.
ნიუ-იორკში როკფელერის ცენტრის წინ მდგარ ნაძვის ხეს კენწეროზე სამმეტრიანი, სვაროვსკის კრისტალებით მოოჭვილი ვარსკვლავი ამშვენებს.
ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში წყალზე მოტივტივე ნაძვის ხე აქვთ. მეხიკოში კი ყველაზე მაღალი საახალწლო ნაძვის ხე დაამზადეს, რომლის სიმაღლე 110 მეტრია.
ყველაზე ორიგინალური იტალიაში, ინჯინოში მთაზე მოხატული ნაძვის ხე გამოვიდა. შვეიცარიაში კი უამრავი ტურისტი ჩადის ყველაზე “გლამურული” ნაძვის ხის სანახავად, რომლის ტოტებსაც სვაროვსკის 7 ათასი ქვა ამშვენებს. თუმცა ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხეების ათეულში სხვადასხვა დროს შექმნილი საახალწლო შედევრები შევიდა.
ფილიპინებზე, საოკეანო პარკ მანილაში, წყალქვეშ ჩაყვინთვის მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ოკეანის ფსკერზე მორთული საახალწლო ნაძვის ხე ენახათ. უჩვეულო წყალქვეშა საახალწლო სანახაობას სანტა კლაუსი და ქალთევზებიც ახლდნენ.
ამერიკელმა დევიდ ბარშოუმ ოთხ მეგობართან ერთად გადაწყვიტა, ნაძვის ხე გაზირებული სასმლის ლითონის ცარიელი ქილებისგან შეექმნა. ენთუზიასტ მეგობრებს ამ “შედევრის” შესაქმნელად ოთხი დღე და 400 ქილა დასჭირდათ. შორიდან ნაირფერად განათებული ნაძვის ხე ნამდვილს ჰგავს და მხოლოდ მიახლოებისას ხდება შესამჩნევი, რაოდენ უცნაურად არის აწყობილი.
კარტოფილის ნაძვის ხე პერუელმა სტუდენტებმა გააკეთეს. ორიგინალური საახალწლო “კარტოფილის ხის” შექმნაზე 100 კილოგრამი 400 სახეობის კარტოფილი გამოიყენეს. სხვათა შორის, პერუს ანდებში, ზღვის დონიდან 4 ათას მეტრზე, 2 ათასამდე სახეობის კარტოფილი მოჰყავთ.