ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მომხდარი ხანძრის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე საუბრობს და აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, სამონტაჟოების ერთი ნაწილი გამოსულია მწყობრიდან. მისი განცხადებით, სტუდიებში ძლიერი დაკვამლიანებაა. როგორც ნოდარ მელაძემ აღნიშნა, ხანძარი საკმაოდ ძლიერი იყო და არსებობდა რისკი, რომ “კურიერის” კამერები დამწვარიყო, თუმცა თანამშრომლებმა მოახერხეს ტექნიკა უსაფრთხო ადგილას გადაეტანათ.
როგორც მელაძე აცხადებს, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
მისი თქმით, “რუსთავი 2-თან” ჯერ საპატრულო პოლიცია, შემდეგ სამაშველო ბრიგადა და სახანძრო მანქანა მივიდნენ.
“რუსთავი 2”-ის მაუწყებლობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშული იყო, ამ დროისთვის მაუწყებლობა აღდგა. ნოდარ მელაძე ვარაუდობს, რომ იყო ავარიული გამორთვა, თუმცა მაუწყებლობის აღდგენა მალევე მოხდა.
ხანძარი “რუსთავი 2-ში” დაახლოებით ღამის 12 საათზე მოხდა, მაშინ, როცა რუსთავი 2-ში სამუშაო საათები დასრულებული იყო, რუსთავი 2-ში ხანძრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ. სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ხანძრის ამსახველი ვიდეოკადრები.