საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ოზურგეთში სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მოაწერეს.
ოზურგეთის მერიის განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და საზოგადოებაში მათ სრულყოფილ ინტეგრაციას.
დოკუმენტის თანახმად, მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს, ოზურგეთის მერიის შესაბამის სამსახურებში დასაქმდებიან. კონკრეტულ მსჯავრდებულთან ან განრიდებულ პირთან გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულება, სადაც გაწერილი იქნება შესასრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე, ვადა, სამუშაო ადგილი და სხვა.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით, მსგავსი ტიპის მემორანდუმების გაფორმება საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის მერიასთანაა დაგეგმილი. შედეგად, მსჯავრდებულები საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქების ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებაში და შესრულებული შრომით აანაზღაურებენ საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს.