საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია შპს „ჩირაღდანი – XXI საუკუნე“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000 ლარით დააჯარიმა.
შპს „ჩირაღდანი – XXI საუკუნე“ ბუნებრივი გაზით ამარაგებს სოფელ დიღომს.
დაჯარიმების საფუძველია ახალი მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პირობების დარღვევა. კომპანია ვალდებული იყო მიერთების საფასური და ვადის განსაზღვრა, ასევე, ვადის დარღვევის გამო მიერთების საფასურის განახევრება უზრუნველეყო სემეკის მიერ დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნების დაცვით. თუმცა, შპს „ჩირაღდანი – XXI საუკუნემ“ ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასური და ვადა თვითნებურად განსაზღვრა. მიუხედავად მიერთების ვადის დარღვევისა, არ გაანახევრა მიერთების საფასური. ამასთანავე, კომპანია უარს აცხადებდა მიერთების სამუშაოების დასრულებაზე.
სემეკში შპს „ჩირაღდანი – XXI საუკუნეს“ განემარტა, რომ, თუ არ მოხდება სემეკის გადაწყვეტილების დროული შესრულება, მათ შორის მომხმარებლებისთვის კომპენსაციის გადახდა ან განმეორებით ექნება ადგილი მსგავსი სახის დარღვევებს, კომპანია შეიძლება 15 000 ლარით დაჯარიმდეს. (R)