სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, სოსო გიორგაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციას, რომლის თანახმადაც არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება ჭორია:
„იმედი მაქვს ეკა გიგაური და ირმა პავლიაშვილი, ასევე მიშა ბენიძე, რომლებმაც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის თანამშრომელს სისხლის სამართლის დანაშაული დააბრალეს, ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და მათ ხელთ არსებულ „მტკიცებულბებს“ მიაწვდიან გამოძიებას, თუკი ასეთი საერთოდ აქვთ.
აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბრიფინგზე მათ მიერ გამოთქმულ ბრალდებას არაფერი აქვს და ვერ ექნება საერთო სიმართლესთან. მას შემდეგ რაც გამოძიება ერთადერთ სიმართლეს დაადგენს, იმედი მაქვს, საიას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები ბოდიშს მოუხდიან როგორც უწყებას, ისე სერვისების განვითარების სააგენტოს მიყენებული ზიანისთვის.
სწორედ სერვისების განვითარების სააგენტოა ის ორგანიზაცია, რომელმაც უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პირველი – „უსაფრთხო დოკუმენტების“ ბლოკი, წარმატებით, 100 პროცენტით შეასრულა. ეს კი დიდწილად განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა არის სანდო, მაღალი სტანდარტის დოკუმენტი, რომლის გაყალბებაც შეუძლებელია.
მინდა განვაცხადო, რომ მე, სოსო გიორგაძე და ასევე ჩემი თანამშრომელი ბეჟან ობგაიძე, ეკა გიგაურის, ირმა პავლიაშვილისა და მიშა ბენიძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. ეს არის ბრალდება, რომელსაც ვერაფრით შევეგუები““ _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე სოსო გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა მათ ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.
მათი განცხადებით, ამ პირის ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ თემის დაუყონებლივი გამოძიება მოითხოვეს.