უძრავი ქონების საკუთრებასთან, საბანკო ვალდებულებებთან თუ განქორწინებასთან დაკავშირებული საკითხები აქტუალურობას არასდროს კარგავს და მოქალაქეებში არაერთ კითხვას იწვევს.
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.
_ გვაქვს ავტოფარეხი, რომელსაც მეორე სართულზე აქვს დაშენებული საცხოვრებელი ფართობი. გვინდა აბონენტად ავიყვანოთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნახაზია არასწორი. ნახაზის მიხედვით, მოსაზღვრე მეზობელი ფარავს ჩვენს ფართობს. პროექტის ნახაზის გასწორებაზე ის წინააღმდეგია. როგორ შეიძლება მეზობელთან არ მქონდეს ეს საკითხი შესათანხმებელი?
_ თუ თქვენსა და მეზობელს შორის ვერ ხერხდება მოლაპარაკება, მაშინ სასამართლოს გზით უნდა მოითხოვოთ ნახაზების გასწორება.
_ ვარ მარტოხელა დედა, მყავს ორი პატარა, ბანკიდან მქონდა კრედიტი გამოტანილი და ვიხდიდი სამი წლის განმავლობაში. შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ ვეღარ ვმუშაობ. არანაირი ქონება არ არის ჩემს სახელზე, თუმცა ჩაწერილი ვარ მშობლების საცხოვრებელ ბინაში. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დედაჩემის ბინას ხომ არ შეექმნება საფრთხე? ვცხოვრობ დედის ბინაში ჩემს შვილებთან ერთად, რადგან ვარ ქმარს გაშორებული.
_ დედათქვენის ბინას არ შეექმნება საფრთხე, თუ ის არ არის თქვენი თავდები ამ სასესხო ურთიერთობაში, ან სესხი არ იყო აღნიშნული ბინით უზრუნველყოფილი.
_ წლებია ვცხოვრობ დაუკანონებელ სახლში. როგორც მითხრეს, შემიძლია გავიფორმო მფლობელობითი ხანდაზმულობით. ვის უნდა მივმართო? არანაირი დოკუმენტი არა მაქვს. ეს სახლი ადრე ბერძნებს ეკუთვნოდა, ისინი საბერძნეთში წავიდნენ და მას შემდეგ არ დაბრუნებულან საქართველოში. მფლობელად რეესტრში ისინი არ ჩანან. როგორ მოვიქცე?
– თუ აღნიშნულ სახლს ფლობდით 2007 წლამდე, მაშინ შეგიძლიათ აღნიშნული სახლის თქვენს სახელზე რეგისტრირება აზომვითი ნახაზის საფუძველზე სპორადული წესით საჯარო რეესტრში.
_ როცა კომლიდან ამოწერილი ხარ, გაქვს თუ არა წილის მოთხოვნის უფლება?
– თუ თქვენ ამოწერილი ბრძანდებით კომლიდან, წილის მოთხოვნის უფლება არა გაქვთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომლის წევრი გარდაიცვალა 2019 წლის შემდგომ და გაიხსნა სამკვიდრო, ხოლო თქვენ ბრძანდებით გარდაცვლილის მემკვიდრე.
_ ბინა მქონდა დაქირავებული ერთწლიანი ხელშეკრულებით. ბინის მეპატრონე მეუბნება, რომ ბინა გაყიდა და მთხოვს დაცლას ვადაზე ადრე. რამდენი დღე მეკუთვნის, რადგან ჯერ არა მაქვს ახალი ბინა ნანახი.
– თუ აღნიშნული საკითხი არა გაქვთ მოწესრიგებული და დადგენილი ხელშეკრულებით, მაშინ კანონით დადგენილი 1-თვიანი ვადით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
_ მაქვს სახლი, რომლის 50% მე მეკუთვნის. ამ სახლში ცხოვრობს ჩემი თანამესაკუთრე და მე ვერ ვსარგებლობ კუთვნილი ქონებით. მინდა გაყიდვა, ჩემი მეწილე წინააღმდეგია და მეუბნება, რომ ვერ გავყიდი ქონებას, რადგან მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, არც ამ წილის შესყიდვა უნდა. მეც მყავს არასრულწლოვანი ორი შვილი და ვარ ქირით. რა შეიძლება გავაკეთო?
_ უნდა მიმართოთ სასამართლოს ქონების გაყოფის მიზნით, თუ თქვენს თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა ისე ვერ ხერხდება, რომ მას ორი დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონდეს, ასევე ქონებამ არ დაკარგოს საბაზრო ღირებულება. თუ ვერ ხერხდება ნატურით გაყოფა, მაშინ უნდა მოითხოვოთ ქონების რეალიზება და თანასაკუთრების ისე გაყოფა.































































