საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დონალდ ტრამპზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.
“ღრმად შეშფოთებული ვარ ძალადობით, რომელმაც კინაღამ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის, სიცოცხლე იმსხვერპლა.
პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს რადიკალური და ექსტრემისტული ძალადობა.
ტრამპს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და სოლიდარობას გამოვთქვამ მისი ოჯახის მიმართ.
ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვართ!”_ წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს ესროლეს. მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს თავს დაესხა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.
თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი. ტრამპს დაზიანება მხოლოდ ყურის არეში აღენიშნება, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.