შალვა პაპუაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს და ონლაინგამოცემა “პუბლიკას” სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის რეკლამირებაში ადანაშაულებს:
„1. დამფინანსებელი პასუხს აგებს, მისგან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ კანონის დაცვაზე,
- “პუბლიკა” ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა,
- ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია,
- “პუბლიკა” რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას,
- ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს“, _წერს შალვა პაპუაშვილი.
ონალინგამოცემა “პუბლიკა” პაპუაშვილის ამ პოსტს მუქარად აღიქვამს და შესაბამის პოსტს აქვეყნებს:
“შალვა პაპუაშვილი თავს ესხმის „პუბლიკას”
„ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტში, პაპუაშვილი აზიარებს „პუბლიკის” ქარდს აქციის ანონსის შესახებ, აქციაზე ინფორმაციის გავრცელებას წარმოაჩენს დანაშაულის რეკლამირებად და საუბრობს პასუხისგებაზე.
რედაქციის განცხადება: ,,პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,პუბლიკამ” დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე.
შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით.
პაპუაშვილის ამ განცხადებას ,,პუბლიკის” თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად”, _ ნათქვამია “პუბლიკას” განცხადებაში.