თავდაცვის ახალ კოდექსში კვლავ უცვლელი იქნება იმ მუხლის შინაარსი, რომელიც სტუდენტების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას გულისხმობდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო სავალდებულო სამსახური სტუდენტებს აღარ შეეხება.
უწყებაში აზუსტებენ, რომ სტუდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიწვევენ, თუ ამის სურვილს თავად გამოთქვამს. ამ შემთხვევაში სტუდენტს რამდენიმე არჩევანი ექნება.
სტუდენტს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება:
- სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში, 1 თვით 4 წლის განმავლობაში.
- ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში. სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მათ მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერმიღების შემთხვევაში კი – სერჟანტის წოდება;
- ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში, წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.
1 მარტს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის კომენტარი, რომელშიც ის ამბობდა, რომ სტუდენტის სტატუსი წვევამდელს ჯარიდან ავტომატურად ვეღარ იხსნიდა. მოქმედი კანონმდებლობით, სტუდენტის სტატუსი ავტომატურად გულისხმობს, რომ ახალგაზრდას სამხედრო სავალდებულო სამსახურში ვერ გაიწვევენ. მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში მიჰყავთ 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდა კაცები.