ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და ძიუდოისტებს შორის, გუშინ გვიან ღამით დაპირისპირება მოხდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, შემთხვევა ღამით მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ჩვენი წყაროს ცნობით, სპორტსმენებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ძიუდოისტი სოსო წელაური დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, დაპირირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი.
ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ზურაბ ზვიადაურმაც დაუდასტურა:
“ზუსტად რატომ დაიწყო დაპირისპირება არ ვიცი, მაგრამ ამას თვითმხილველებიც ჰყავს. ეს იყო შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც პატრულის თვალწინ მოხდა და დაჭრილია ერთი ადამიანი. ეს უკვე მეორე ფაქტია, როცა სპორტსმენებზე მოხდა ზეწოლა”, – განაცხადა ზვიადაურმა.
ჩვენი წყაროს ცნობით, სპორტსმენებს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლომერ ჟორჟოლიანმა ესროლა და სოსო წელაური ბარძაყის არეში დაიჭრა. ის არამიანცის საავადმყოფოშია მოთავსებული.
ფაქტი დაგვიდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების ცნობით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. დაწყებულია გამოძიება 126-ე და 136-ე მუხლებით. რაც შეეხება დაჭრის ფაქტს, ამას კრიმინალური პოლიცია იძიებს.
შეგახსენებთ, ძიუდოს ფედერაციასა და ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო. ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვს, ქევხიშვილი წასვლას არ აპირებს და სპორტსმენებს მოლაპარაკებას სთავაზობს.