ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში ღონისძება – „ნახვამდის, შემოდგომა“ გაიმართა.
„მზის ფერებს გვერს ვერ აუვლი ვერც სოფლად და ვერც ქალაქად, დგას შრომის დღესასწაული, დგას შემოდგომის ბარაქა”, _ ასე დაიწყეს „შემოდგომის ზეიმი“ ერკეთის საჯარო სკოლის უმცროსკლასელებმა და ლხინით, ცეკვით, სიმღერით, ლექსებით გაალამაზეს სოფლის “მაძღარი” შემოდგომა.
ყვითელ ფოთლებით მოფენილ ბაღში ისხდნენ სადღესასწაულოდ მორთული პატარები. ტაბლაზე ეწყო ხილი, ყურძენი, ბოსტნეული, მხართეძოზე წამოწოლილიყო
„უშველებელი ხაპი“, მიწაში ჩაფლული ჭური ღვინით გალიცლიცებულიყო, აქვე იდო „კოპე“, საპატიო ადგილზე თავს იწონებდა გიდელი, გოდორი და კალათა. ვალმოხდილი, აპრიალებული ცელი თვალს აცეცებდა და მეგობრებს – თოხს და ბარს ეძებდა. პატარებმა ნაჯახით შეშინებული ხაზარულათი და გაბზარული ქვევრიდან დაღვრილი ღვინით ნოდარ დუმბაძე უკვდაყვეს.
ჩვენს თვალწინ დაამზადეს გურული ჯანჯუხა ყველა ტექნოლოგიის დაცვით- ჯერ ძაფზე ააცვეს საგანგებო ნემსით თხილი და ნიგოზი, მერე შუაცეცხლზე, სამფეხზე თენჯერი შემოდგეს ტკბილი ჩაასხეს, გამერდინებული მჭადის ფქვილი ჩაყარეს და ფელამუში მოადუღეს. თხილი და ნიგოზი ამოავლეს (ლაფერეც არ დავიწყებიათ) და ჯანჯუხაც გასაშრობად მზად იყო.
შემოდგომის ზეიმმა ყველა ბავშვი გაახარა, გაიხსენეს უფროსებისგან გაგონილი ნივთების გურული სახელები, ბარაქა გაინაწილეს და დააგემოვნეს.
ღონისძიება ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდა.
ჩვენ გაისადაც დაველოდებით გურულ შემოდგომას, ოღონდ რეგულაციების საჭიროების გარეშე.
ნახვამდის, შემოდგომა!