მეორე მსოფლიო ომის მძიმე დღეები იდგა, 1943 წელი. განსაკუთრებულად ინტელიგენციას უჭირდა და სულის მოსაბრუნებლად ლუკმას ეძებდა. სესილია თაყაიშვილი და მერი დავითაშვილი კახეთში წავიდნენ მატარებლით, ტანსაცმელი წაიღეს სურსათზე გადასაცვლელად. გზაში პროფესორი დაემგზავრათ. რისთვის მობრძანდებითო – ჰკითხეს. ლექციების ჩასატარებლადო – მიუგო, და შემდეგ მსახიობებს თვითონაც ჰკითხა, თქვენ რისთვისღა მიბრძანდებითო? კონცერტების ჩასატარებლადო, – უპასუხეს მათ.
ერთმანეთს სადგურზე დაშორდნენ. სესილიამ და მერიმ ბაზარს მიაშურეს და გასაყიდად კაბები თოკზე გადაკიდეს, ხოლო მყიდველთა ყურადღების მისაქცევად ძველი გრამაფონი აამღერეს. გაიხედა სესილიამ და შეამჩნია: იმ სახელოვან პროფესორს შარვალი უჭირავს და აქეთ-იქით დადის. უცებ პროფესორმა თვალი მოჰკრა გზაში გაცნობილ მსახიობებს და ბაზრიდან გაიპარა.
– ვაი, ეს რა ვქენით?! – თავზე ხელი შემოიკრა სესილიამ, – იმ გაჭირვებულ პროფესორს ცოლ-შვილი მშიერი დავუტოვეთ.