რეჟისორი გუგული მგელაძე იხსენებდა:
“მე და ჟენია მორგუნოვი ყოველ ხუთშაბათს, “სანდუნოვის” აბანოში დავდიოდით. ეს ხუთშაბათიც არ იყო გამონაკლისი. ჯერ ორთქლის აბაზანები მივიღეთ, მერე საერთო განყოფილებაში “მექისეობას” ვუწევდით ერთმანეთს.
შეუხედავი პატარა კაცი ჩვენს გვერდით მოკალათდა თავისი ტაშტით და ის-ის იყო, ნახევრადმელოტი თავის გასაპვნას აპირებდა, ჟენიამ არ აცალა და შეუტია:
– აბა, წადი აქედან, აქ ორი კაცის ადგილია. იქეთ თავისუფალი ადგილია.
– ბიჭებო, მე ხელს არ შეგიშლით, იქ უბერავს.
– წადი, წადი – თავისას არ იშლიდა მორგუნოვი. შეუხედავ პატარა კაცს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თავისი ტაშტი აიღო და წავიდა.
გასახდელში თეთრ, ქათქათა ზეწრებში გახვეულნი, უცებ ადგილზე გავშრით. შეუხედავი კაცი გენერლის მუნდირის უკანასკნელ ღილს იკრავდა. აბანოს ორი თანამშრომელი კი თვალებში შესციცინებდა. ერთს ხელში ბუტერბროდიანი თეფში ეჭირა, მეორეს კი ლუდიანი კათხა. გენერალს მთელი გულ-მკერდი ორდენებითა და მედლებით ჰქონდა მოფენილი. მორგუნოვს და მე ენა დაგვება.
– ბოდიშის მოხდაა საჭირო, – ვთქვი მე.
– ნამდვილად, – დამეთანხმა მორგუნოვი და გენერალს მიუახლოვდა.
გენერალი მორგუნოვს თითქოს ვერ ამჩნევდა, მხრებში გასწორდა, ზურგი შეაქცია და ამაყად გასწია გასასვლელისკენ”.